გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ ძალაში კვლავ პატიმრობა დაუტოვა.

დაცვის მხარემ დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლის წინაშე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე სხვა შუამდგომლობებიც დააყენა. კერძოდ, თედორაძის მოწმეთა ნუსხიდან ამოღება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ბათილად ცნობა და ჭანტურიას სახლის ჩხრეკის ოქმის გაუქმება, რა დროსაც სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, პროცესზე იმ მტკიცებულებების ნუსხა წარადგინეს, რომელიც გამოძიების ფარგლებში მოიძიეს და საქმის მასალებშია. კერძოდ, როგორც პროკურორი ლევან ჯალაღანია აცხადებს, გამოძიების პროცესში გამოიკითხა 390-მდე მოწმე, საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს, რომ დანაშაული გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა. ბრალდების მხარის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა 28 სექტემბერს განახლდება.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა რვა თვის შემდეგ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე მამის სახოვრებელ სახლში 7 აგვისტოს, ღამით ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. მისი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა