გრიგოლ ვაშაძე - საქართველოში აუპატიურებენ ბიზნესს,  ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყანა მაფიოზური კლანით იმართება

ამ ე.წ ხელისუფლების პირობებში, როდესაც თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკური ოპონენტები და ბიზნესიც იდევნება, ვერავითარ რეალურ გამოძიებას ვერ მივაღწევთ, ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „მაფიოზური დაჯგუფება“ უწოდა. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ყველა იმ აუდიოჩანაწერზე, რომელიც „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში გავრცელდა.

„ყველამ ვიცოდით, რა რეალობაშიც ვცხოვრობდით, მაგრამ გუშინდელმა საღამომ და დღევანდელმა დილამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სახელმწიფო გასულია იმ სამართლებრივი და კონსტიტუციური სფეროდან, სადაც მარტო ის უნდა იმყოფებოდეს. ეს ე.წ. ქართული ოცნების და ივანიშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი სიცარიელე ინსტიტუციების, კანონის, კონსტიტუციის დასუსტების ხარჯზე შევსებული არის მაფიოზური და კლანური დაჯგუფებით. მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ. მაფიამ, სხვა სიტყვა არ არის, დაგვაბრუნა არა 90-იან წლების საქართველოში, არამედ დაგვაბრუნა 90-იანი წლების რუსეთში, სადაც ბიზნესს უთოებით აუთოვებდნენ, ანდა კიდევ 70-იანი წლების სიცილიაში, სადაც მაფიის გაგრძელება იყო პოლიცია, პროკურატურის ყველა სამსახური. ის ინსტიტუტები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის ზრუნავდნენ, რომლებსაც კანონი უნდა დაეცვათ, გადაქცეულია მაფიის ფინანსური ინტერესების დაცვისკენ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ .

მისი თქმით, გამოძიებით დამტკიცდება, რომ ჩანაწერები რეალურია და ქვეყანაში ბიზნესზე ხდებოდა ზეწოლა.

„გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა ჩანაწერზე ცალკე და დაიკითხოს ამ ჩანაწერებზე ყველა ფიგურანტი. ეს არის საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნა და არამარტო გაერთიანებული ოპოზიციის. არავის სჯერა მტკიცების, რომ ეს ჩანაწერები თითქოს გაყალბებულია. კატეგორიულად მოვითხოვთ, თუ თქვენ ამას ამტკიცებთ, არაფერი პრობლემა არ არის, მოგეხმარებით და შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროში ჩავატაროთ ექსპერტიზა, მაგრამ მაგისთვის ყველა ფიგურანტი მობრძანდეს და ჩააბაროს თავისი ხმის ნიმუშები. 48 საათში გაჩვენებთ, რომ ყველა ეს ჩანაწერი რეალურია და საქართველოში აუპატიურებენ ბიზნესს, საქართველოში ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, საქართველოში დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყანა მაფიოზური კლანით იმართება, რომელმაც პოლიტიკური პოლიცია შექმნა იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები და საქართველოს სათავეში გაიგრძელოს ყოფნა, რასაც არ დაუშვებს, არც ჩვენი ხალხი, საზოგადოება და გაერთიანებული ოპოზიცია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან ასევე ისაუბრა მარიხუანას რეალიზაციისა და კულტივაციის თაობაზე არსებულ კანონპროექტზე და პარლამენტს მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

„კატეგორიულად მოვითხოვთ კიდევ ერთს, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევა იქნება ჩვენი ქვეყნის უკვე საბოლოო ავღანეთიზაცია, კოლუმბიზაცია. ეს იქნება სრული კატასტროფა, ჩვენი ახალგაზრდა თაობის განადგურება. გამოიტანეთ პარლამენტიდან ეს კანონპროექტი. კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყვიტეთ ყოველგვარი განხილვა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა