„ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი - ფინანსთა სამინისტრო არ ახორციელებს „ოჯთ“-ის მიმართ რიცხული გადასახადების რესტრუქტურიზაციას, კომპანიას საურავის სახით 14 მლნ-მდე დაეწერა

იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ახორციელებს „ოჯთ“-ის მიმართ რიცხული გადასახადების რესტრუქტურიზაციას, კომპანიას ამ დროისთვის საურავის სახით დაეწერა 14 მილიონამდე ლარი,- ამის შესახებ "ომეგაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც "ომეგას" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს განცხადებები, „ომეგასთან“ მიმართებაში არის სიცრუე.

"გასულ პარასკევს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გვსურს მოგახსენოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება უხვად შეიცავს ცრუ და პოპულისტურ პასაჟებს. „ომეგა ჯგუფის" თამბაქოს წარმოება, ისევე როგორც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიები, არასდროს არიდებდა თავს გადასახადებს და ყოველთვის ახორციელებდა მასზე რიცხული გადასახადების დეკლარირებას კანონის სრული დაცვით. 2015 წელს „ოჯთ“-მ ბიუჯეტში გადაიხადა 35 203 170 ლარი, ხოლო ვერ შეძლო 1 358 919 ლარის გადახდა, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 143 371 ლარი. 2016 წელს შპს „ოჯთ“-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2 143 845 ლარი. 2017 წლის 25 აპრილს შპს „ოჯთ“-მ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. მთლიანი თანხა, რომლის რესტრუქტურიზაციასაც მოითხოვდა კომპანია მოიცავდა 3 მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობის საურავს. „ოჯთ“-ს არ უთხოვია მის მიმართ რიცხული საურავების ჩამოწერა", - აცხადებს აღდგომელაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიას ბიუჯეტში გადახდილი აქვს მილიარდ 500 მილიონი ლარი.

"2014-2015 წლებში „ოჯთ“-ს მიერ ბიუჯეტში გადახდილია 100 მილიონ 190 ათას 258 ლარი. კომპანიის არაერთგზის გაჩერების და ხელისუფლების მიერ არასამართლიანი კონკურენციის არასამართლიანი და მახინჯი ფორმების წახალისების შედეგად კი კომპანიამ ვერ შეძლო 38 მილიონი ლარის გადახდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ სამინისტრო არ ახორციელებს კომპანიის მიმართ რიცხული გადასახადების რესტრუქტურიზაციას, კომპანიას ამ დროისთვის საურავის სახით დაეწერა 14 მილიონამდე ლარი,- აცხადებს აღდგომელაშვილი.

ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტოში განაცხადეს, შპს „ოჯთ“-მ, როგორც გადასახადის გადამხდელმა, დაარღვია გადასახადების სრულად და დროულად გადახდის ვალდებულება და საგადასახადო დავალიანება თავდაპირველად წარმოეშვა 2014 წლის ოქტომბერში, 18 444 ლარის ოდენობით. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, საგადასახადო დავალიანების გაზრდის აღსაკვეთად და არსებული დავალიანების ამოსაღებად. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის მარტში შემოსავლების სამსახურმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ოჯთ“-ს დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე ნებართვის მისაღებად. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივნისში დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და შემოსავლების სამსახურს საბოლოოდ მიეცა ნებართვა დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე“,- აცხადებენ სამინისტროში.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ