„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი - ფინანსთა სამინისტროს მიერ ფაქტის განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია, ჩვენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება

ფინანსთა სამინისტროს მიერ ფაქტის განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოების თვალში „ომეგა ჯგუფის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება,- ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ

ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, 2017 წლის ივნისის ბოლომდე რესტრუქტურიზაციის კომისია არ შეკრებილა თურმე იმიტომ, რომ კომპანიის დავალიანება იზრდებოდა აგვისტოში და შემდგომ თვეებში.

„გვსურს, ამ აბსურდს შემდეგი პასუხი გავცეთ: ფინანსთა სამინისტროს ამგვარ პასუხს ვგებულობთ განცხადების შეტანიდან წელიწადნახევრის შემდეგ, მაშინ როდესაც ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის კომისია შესაბამისი რეგულაციის მიხედვით, უნდა შეკრებილიყო განცხადების მიღებიდან 2 თვის ვადაში. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ვადის ამოწურვის შემდგომ მომხდარი ფაქტები აღმოჩნდა კომისიის არშეკრების მიზეზი",- აცხადებს აღდგომელაშვილი.

„ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერის თქმით, "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არც ერთ თავის ოფიციალურ წერილში არ უხსენებია კომისიის შეკრების მიზანშეუწონლობის მიზეზების შესახებ".

„თუ კომპანიის დავალიანება იზრდებოდა 2017 წლის ივნისამდე და თუკი შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ხედავდა, რომ კომპანია 2,3 ან თუნდაც 6 თვიან ვადაში ვერ ახერხებდა მიმდინარე და ძველი გადასახადების გასტუმრებას, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო კომპანიისთვის რესტრუქტურიზაციის მიცემის საფუძველი. და ყველაზე მთავარი, რესტრუქტურიზაციის განაცხადი კომპანიამ სწორედ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს რჩევით გააკეთა. ამ რჩევის საფუძველზე კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბერს ოფიციალურად აცნობა, რომ ვაპირებდით რესტრუქტურიზაციის საბუთების შეგროვებას. ფინანსთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს კომპანიამ მას მიმართა 11-ჯერ და 11-ჯერ სთხოვა იძულების ღონისძიების არგამოყენების შესახებ. ამგვარი მიმართვა კომპანიამ გააკეთა 7-ჯერ. აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფაქტის ამგვარი განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია ემსახურება საზოგადოების თვალში „ომეგა ჯგუფის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ხელისუფლება ცდილობს მოიხსნას პასუხისმგებლობა ჩადენილ უსამართლობებზე“,- განაცხადა აღდგომელაშვილმა.

აღდგომელაშვილი ასევე სოზარ სუბარის განცხადებასაც გამოეხმაურა.

"კიდევ ერთი არაკომპეტენტური განცხადება გაკეთდა ამჟამად სოზარ სუბარის მიერ, თითქოს „ომეგა“ არ იხდის იმ გადასახადს, რომელიც მას უნდა გადაეხადა აქციზური მარკების აღებამდე. ეს არის სრული სიცრუე. საგადასახადო კოდექსის თანახმად, აქციზის გადახდა არ ხდება წინასწარ",- განაცხადა აღდგომელაშვილმა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტოში განაცხადეს, რომ შპს „ოჯთ“-მ, როგორც გადასახადის გადამხდელმა, დაარღვია გადასახადების სრულად და დროულად გადახდის ვალდებულება და საგადასახადო დავალიანება თავდაპირველად წარმოეშვა 2014 წლის ოქტომბერში, 18 444 ლარის ოდენობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა