გია ხუხაშვილი - „ოცნების“ მთავარი პრობლემა ოქუაშვილი კი არაა, არამედ ის, რომ მან თავის წიაღში გაზარდა ურჩხული, რომელიც ახლა საკუთარ მშობელს ჭამს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, საარჩევნო პერიოდში ჩვენ სკანდალებს მიჩვეულიც კი ვართ, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყოველგვარ მოლოდინს აშკარად გადააჭარბა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხმაურიან თემებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ვინაიდან ახლა ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს, თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას?

- სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლიტიკური ვითარება რბილად რომ ვთქვათ, არ არის სახარბიელო. პოლიტიკური ელიტა - სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, ფაქტობრივად დაშორებულია საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს. ამომრჩეველს არ მოსწონს არავინ, ფიქრობს, რომ მას არ აქვს არჩევანი და შესაბამისად, დისტანცირებულია ელიტისაგან.

წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლიტიკური ვითარება არ არის სახარბიელო. პოლიტიკური ელიტა - სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, ფაქტობრივად დაშორებულია საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს

სწორედ ამის გამო მოახლოებულ არჩევნებს მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს ლეგიტიმური. ახლა რაც ხდება, ჩვენ რეალითი-შოუს გვაგონებს და ფაქტობრივად საარჩევნო პროცესს მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებთ, ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია ამომრჩეველსა და ასარჩევს შორის უბრალოდ არ არსებობს, მხოლოდ ვირტუალურია.

შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების რეალითი-შოუს საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, რომელიც 6 წელი გაგრძელდება. სინამდვილეში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას სუსტი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი ეყოლება, გარდა იმისა, რომ მომავალ პრეზიდენტს კონსტიტუციურად უფლებამოსილებები შეკვეცილი აქვს, პოლიტიკური ლეგიტიმაციაც არ ექნება დიდი და შესაბამისად, იგი უფრო სიმბოლურ-მარიონეტული დატვირთვის ფიგურა იქნება.

- აუდიოჩანაწერებით სკანდალებმა იმატა, როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ფაქტია, რომ აუდიოჩანაწერებმა მმართველი გუნდის მიმართ ლოიალურ ამომრჩეველშიც კი გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა. შესაბამისად, დიდი იყო მოლოდინი თუ რა პასუხს გასცემდა მმართველი გუნდი ოპონენტებს.

პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, თანაგუნდელებისა და საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ვრცელი განცხადება გააკეთა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ხელისუფლების პასუხმა ოპოზიციის ბრალდებებზე?

- ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს უნივერსალური იარაღი, - ნებისმიერი თავისი პრობლემა გადაფაროს 9 წელზე საუბრის რიტორიკით. პრაქტიკულად ავითარებს უცნაურ ლოგიკას - რადგან წინა ხელისუფლება ცუდი იყო, აქედან ავტომატურად გამოდის რომ მე კარგი ვარ.

როცა ვამბობ, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს რეალურ ამომრჩეველთან კომუნიკაცია, მე ამაში ვგულისხმობ იმასაც, ამომრჩეველს უკვე აღარ აინტერესებს სისხლიანი 9 წელი, რომელზეც დაჟინებით აგრძელებს საუბარს ხელისუფლება. 6 წელია „ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამომრჩეველს სურს იცოდეს რა იქნება მომავალში და არა მუდმივად ესმოდეს საუბარი თუ რა იყო წარსულში. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს და თავის მოქაალქეებს არც არაფერს არ სთავაზობს.

რეალობა ასეთია - ისეთი განცხადებები, რომელიც „ოცნების“ სახელით კალაძემ წაიკითხა, ხელისუფლებას პრობლემას კი არ უხსნის, არამედ უფრო უმძიმებს მდგომარეობას

ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ იგი სისხლიანი 9 წლის რიტორიკაში ჩარჩა. რეალობა ასეთია - ისეთი განცხადებები, რომელიც „ოცნების“ სახელით კალაძემ წაიკითხა, ხელისუფლებას პრობლემას კი არ უხსნის, არამედ უფრო უმძიმებს მდგომარეობას.

ფაქტობრივად, დღეს „ოცნების“ მთავარი პრობლემა ოქუაშვილი კი არაა, არამედ ის, რომ მან თავის წიაღში გაზარდა ურჩხული, რომელიც ახლა საკუთარ მშობელს ჭამს. ესაა მთავარი პრობლემა და იგი ამას ვერანაირად ვერ აცნობიერებს.

ამ ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ პრობლემა „ოცნების“ შიგნითაა. მმართველმა გუნდმა თავის წიაღში უნდა ეძებოს ურჩხული. რატომღაც მათ ამაზე თვალის დახუჭვა ურჩევნიათ. არადა, მაღალია იმის ალბათობა, რომ სისტემურ მანკიერებას ხელისუფლება უკვე მძევლად ჰყავს აყვანილი და მანევრის საშუალებას აღარ აძლევს.

- გასაგებია, რომ დრო საგანგებოდ იყო შერჩეული. ვგულისხმობ იმას, რომ 6 წლის წინ „ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. მაგრამ, კალაძის გამოსვლაში ნაკლებად იყო საუბარი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებზე. მან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების დისკრედიტაციას, მაგრამ იქვე დასძინა, რომ „ნაცმოძრაობა“ ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში...

- მე ამ პათოსს დავეთანხმებოდი, „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ რომ არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი რამ შეუძლია აკეთოს და ნებისმიერ განუკითხაობაზე წავიდეს.

ამგვარი რიტორიკა საზოგადოებას რას ეუბნება, იმას რომ „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დაბრუნდეს? ამაში საზოგადოება მას ეთანხმება, მაგრამ მან უნდა წაუყრუოს იმ ტიპის განუკითხაობას, რაც გვესმის? ანუ რა გამოდის - „ოცნებამ“ სულ ჩაქუჩი რომ თავში გვირტყას უნდა ავიტანოთ „ნაცების“ დაბრუნების შიშით.

„ნაცმოძრაობა“ რომ არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი რამ შეუძლია აკეთოს და ნებისმიერ განუკითხაობაზე წავიდეს

ხელისუფლება გვეუბნება - რადგან მთავარი თემაა „ნაცების“ არდაბრუნება“, თუ მე რამეს არასწორად ვაკეთებ, შენ ეს უნდა აიტანო. ამას ხელისუფლება აკეთებს არა მისი მმართველობის პირველ, ან მეორე წელს, არამედ მეექვსე წელს.

ამ ქვეყნის უახლოესი ისტორია და ისტორიული კანონზომიერება გვახსენებს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. შეიძლება საზოგადოება დაეთანხმოს „ნაცმოძრაობის“ მიმართ მათ შეფასებებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგივე საზოგადოება დაეთანხმება მათ ინტერესჯგუფების არსებობაში, რომლებიც ხრავენ ქვეყანას და ხელს უშლიან ქართული ეკონომიკის განვითარებას.

- როცა კალაძეს ვუსმენდი მქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება პასუხს გასცემდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მარიხუანის თემა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, თუნდაც მოვისმენდით მკაფიო განმარტებებს იმაზე, თუ რაზე იყო საუბარი აუდიოჩანაწერებში და საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ქვეყანაში არაა მაფიოზურ-კლანური მმართველობა. სამწუხაროდ, ამის მსგავსი რამ ჩვენ არაფერი მოგვისმენია...

- ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ მოახდინოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ახდენს თავად „ქართული ოცნება“ - ანუ ის მანკიერი სისტემა, რომელიც მათ „ნაცმოძრაობიდან“ საკმაოდ წარმატებით გადაიღეს და გადმოიბარეს.

ყველაფერი, რაც მოვისმინეთ, გამოძიების საგანია. ელიტარული სალარო, ხელისუფლებასთან დაახლოებული ინტერესჯგუფები, რომელნიც ამ სალაროზე მუშაობენ, არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი, ამგვარი სალარო არსებობდა სააკაშვილის დროსაც.

ხელისუფლება იმით განსხვავდება დანარჩენი საზოგადოებისგან, რომ მას არ აქვს ფუფუნება ისარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ხელისუფლება ვალდებულია ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება და სიმართლე უთხრას ხალხს

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წელს ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალების“ კრიტიკა ხდება არა იმიტომ, რომ მათ არ მოსწონდათ ისინი რასაც აკეთებდნენ, არამედ ეს კინკლაობა პირადშია გადასული.

ასეთი შთაბეჭდილება იმიტომ რჩება, რომ „ნაციონალებიდან“ მშვენივრად გადმოიბარეს და ისწავლეს რაც მათ უნდოდათ. კოლექტიური მურუსიძე ხომ ამის მაჩვენებელია. რა ურთიერთობაა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ასეთ ვითარებაში „ოცნებაში“ ცდილობენ ეს ბრალდებები თუ ეჭვები აისხლიტონ და ქილიკით შემოიფარგლონ.

სინამდვილეში, ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და უნდა გვესმოდეს - ხელისუფლება იმით განსხვავდება დანარჩენი საზოგადოებისგან, რომ მას არ აქვს ფუფუნება ისარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ხელისუფლება ვალდებულია ნებისმიერ ამგვარ ბრალდებასა თუ ფაქტზე ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება, სიმართლე უთხრას ხალხს და კეთილი ინებოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რაც ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

- თქვენ აცხადებთ - „ივანიშვილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას რაზე ელაპარაკა ოქუაშვილს“. ანუ თქვენც დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ბევრი რამ დარჩა სათქმელი და ამ საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს სიცხადე არ შემოუტანია?

- პირდაპირ ვამბობ - მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი ვინმეს ფულზე ელაპარაკებოდა. მე ამაში ეჭვი ნადვილად მეპარება. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის სახელს ვიღაცა ბოროტად არ იყენებს და პირად კეთიდღეობას იწყობს.

თუ ოქრუაშვილთან შეხვედრის თემასთან დაკავშირებით გახარია მეტ განმარტებას იმაზე გააკეთებდა, სინამდვილეში რაზე იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, კარგი იქნებოდა

ვიმეორებ, პირადად მისგან ბიზნესმენისგან ფულის მოთხოვნა ფანტასტიკის სფეროდან მგონია, მაგრამ იმას, რომ მის ორბიტაზე მოტრიალე ადამიანები მთელი პასუხიმგებლობის მასზე გადატანას ცდილობდნენ, ამას ვერ გამოვრიცხავ.

ახლა გვაქვს ორი მოცემულობა - ამ შეხვედრას ადასტურებს ორივე მხარე. ერთი მხარე, ოქუაშვილი ამბობს, რომ იქ რაღაცაზე იყო საუბარი, მეორე მხარეც ამბობს, რომ შეხვედრა იყო და მასზე საუბარი იყო ბიზნესისთვის ხელშეწყობაზე. ვფიქრობ, რომ აქ მეტი განმარტებაა საჭირო. ბიზნესის ხელშეწყობა შეიძლება სხვადასხვა სახით. რადგან ჩვენ მივედით ამ მოცემულობამდე, თუ ოქრუაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით გახარია მეტ განმარტებას გააკეთებდა იმაზე, სინამდვილეში რაზე იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, კარგი იქნებოდა.

თუ ჩვენ კონკრეტულ ბიზნესმენთან შეხვედრაზე ვსაუბრობთ, რაც ხელისუფლების საქმე არაა, ამიტომ ვამბობ ამ თემაზე ხელისუფლება საზოგადოების ინფორმირებას აშკარად აკლებს. თუ ამას გახარია გააკეთებდა, ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა.

რაც შეეხება ოქუაშვილს - ერთია, რაზე საუბრობს ოქუაშვილი და მეორე საქმეა შეფასებითი ნაწილი. ფაქტობრივ მოცემულობაზე ყველა შემთხვევაზე ჩასატარებელია გამოძიება. ვგულისხმობ სარდაფის ეპიზოდს, ბანკიდან ფულის გატანის ეპიზოდზე, წილებზე, ფონდებზე, მანქანებზე და ასე შემდეგ.

ივანიშვილისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შექმნას ახალი საგამოძიებო რგოლი, თუნდაც ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ამ და ამ ტიპის სკანდალურ საქმეებს გამოიძიებს და არ მისცემს სისტემას ბოლომდე გახრწნის საშუალებას

ეს ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული და რაც მთავარია, ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს მაქსიმალური სანდოობით. გამოძიება უნდა ჩაატაროს სულ სხვა ინსტიტუტმა. ანუ არა იმან, ვიზეც ხდება აპელირება, არამედ ნეიტრალურმა ინსტიტუტმა. რადგან ამგვარი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არსებობს, კარგი იქნება თუ ამ საქმეს მოწვეული გამომძიებლები გამოიძიებენ. ივანიშვილს უნდა ესმოდეს, მთელი სისტემა ახლა ცდილობს მას შეაწმინდოს ხელი.

ივანიშვილისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შექმნას ახალი საგამოძიებო რგოლი, თუნდაც ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ამ და ამ ტიპის სკანდალურ საქმეებს გამოიძიებს და არ მისცემს სისტემას ბოლომდე გახრწნის საშუალებას.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში ლევან ყიფიანი გააკეთებს განცხადებას. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ტიპის განცხადებას გააკეთებს ლევან ყიფიანი?

- იცით რა? ახლა ამ თემაზე განცხადებები აღარაა საინტერესო. ლევან ყიფიანმა შეიძლება თქვას - არა, თავი ჩემი იყო და ტანი ჩემი არ იყო... ათასი რამ შეიძლება თქვას. ამგვარი განცხადებები ჩვენ ჩვენსავე უახლეს ისტორიაში ბევრი გვაქვს მოსმენილი.

განცხადებებით სირაქლემის პოზაში დგომა აღარაფრის მომცემი არ არის. აქ საჭიროა მაღალი სტანდარტებით გამოძიების ჩატარება. ესაა გასაკეთებელი აუცილებლად, რადგანაც ამ ამბებთან დაკავშირებით ხელისუფლებას პრობლემები მარტო ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთაც ექნება.

ამ სკანდალის განცხადებებით გადაფარვა შეუძლებელია. ჯინი ბოთლიდან ამოსულია. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება და გვეტყვიან რომ ხვალიდან ცხოვრება მშვენიერი იქნება, ძალიან ცდება

მოსალოდნელია სასამართლო პროცესები, იგივე თი-ბი-სი ბანკთან დაკავშირებით. ოქუაშვილი ბანკის დარღვევებზე საუბრობს და აპირებს იმ 4 მილიონის მოთხოვნას. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვიმეორებ, ამ სკანდალის განცხადებებით გადაფარვა შეუძლებელია. ჯინი ბოთლიდან ამოსულია. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება და გვეტყვიან, რომ ხვალიდან ცხოვრება მშვენიერი იქნება, ძალიან ცდება. ასეთი ინფანტილური მიდგომა „ოცნებას“ კატასტროფამდე მიიყვანს.

- ბატონო გია თქვენ ასევე გაქვთ გაკეთებული ამგვარი განცხადება - „ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს, ნაჯახით არის გასავლელი სისტემაზე“. თქვენი აზრით, ამის გაკეთების უფლებას მას მისცემს სისტემა, რომლის სათავეშიც თავად არის ან მას აქვს ამის გაკეთების მორალური უფლება?

- ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ამის გაკეთების უფლება აქვს. ვიმეორებ, პირადად მე, მის მონაწილეობას ყველაფერ ამაში ვერ ვხედავ. არსებობს ეჭვი, რომ ივანიშვილის ორბიტაზე ტრიალებენ სხვადასხვა ინტერესჯგუფები, რომლებიც თაღლითური გზით, მისი სახელის დისკრედიტაციისა და ბოროტად გამოყენებით ცდილობენ პირადი ცხოვრების მოწყობას.

თუ ეს დადასტურდა, მაშინ ამ სისტემაზე ნაჯახით იქნება გასავლელი. ამ ტიპის მანკიერი სისტემა სიცოცხლისუნარიანი არაა. ის დღეს თუ ხვალ აუცილებლად წავა ისტორიის სანაგვეზე. ივანიშვილს აქვს მარტივი არჩევანი - ან თავად რჩება ნაპირზე სუფთა, ან ამ მანკიერ სისტემასთან ერთად ერთად მოუწევს წასვლა.

საქართველოს უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ ამგვარ სისტემას ხალხი ვერ იტანს. ადრე თუ გვიან ჩაირეცხება. მესმის, რომ ივანიშვილს მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს. მესმის, რომ ამის გაკეთება რთულია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია.

- აუდიოჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. რამდენადაც ცნობილია, ფარცხალაძე ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. თქვენი აზრით, მოინდომებს ივანიშვილი ფარცხალაძისთვის ადგილის მიჩენას?

- პოლიტიკაში დაახლოებულ პირად ყოფნა არაფერს ნიშნავს. ამგვარი სენტიმენტები პოლიტიკისთვის დამახასიათებელი არაა. ჩვენ რაც არ უნდა პირადი ურთიერთობები გვქონდეს უნდა გვესმოდეს, - სახელმწიფო ინტერესები პირად ურთიერთობებზე მაღლა დგას. თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის უნდა დაისაჯოს. ფარცხალაძე იქნება ეს თუ ვინმე სხვა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სხვათა შორის, ფარცხალაძეს, ხელისუფლებისგან განსხვავებით, აქვს იმის ფუფუნება, რომ ისარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმფციით.

მე მას ბრალს ვერ დავდებ. არც ის ვიცი, ეს თემა მოგონილია, რეალურად იყო თუ არა, ეს გამოძიების საგანია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

- ბატონ ვახტანგ ძაბირაძეს აქვს გამოთქმული ამგვარი მოსაზრება - „ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ხელისუფლება დამარცხებულია“. თუ სწორად ვხდები, ბატონი ვახტანგის აზრით, ხელისუფლება იმ შემთხვევაშიც დამარცხებული იქნება თუ არჩევნებში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

მე კითხვას ასე დავსვამდი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს 28 ოქტომბრის არჩევნები, სავარაუდოდ, როგორ სურათს მივიღებთ შიდა პოლიტიკაში?

- ხელისუფლება დამარცხებული იქნება იმიტომ, რომ თუ მან არჩევნები მოიგო, ის არჩევნებს მოიგებს არა იმიტომ, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები, არამედ იმიტომ, რომ ამის საშუალებას მისცემს ადმინისტრაციული რესურსი. 28 ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ისეთი არჩევნები, როცა ამომრჩეველი თავისი სურვილით აძლევს ვინმეს ხმას.

თუ ხელისუფლებამ სისტემურ მანკიერებაზე, მარიხუანისა თემაზე და ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე სირაქლემის პოზაში ყოფნა ამჯობინა, ეს მისთვის იქნება გზა არსაით. ამ ტიპის მოვლენათა განვითარებით 2020 წელს „ოცნებას“ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ ექნება

28 ოქტომბრის არჩევნები იქნება ნეგატიური ტიპის არჩევნები, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსებს. რადგან ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი, ის ფიქრობს ასე - არც ერთის არ მჯერა, ამიტომ, გადაიხადე და გადმოგიგდებ.

გამომდინარე იქედან, რომ რესურსები ხელისუფლების ხელშია, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება შესაძლებელია, მაგრამ მას არ ექნება ლეგიტიმაცია. ანუ, მას რეალური ამომრჩეველი მას არ ეყოლება. ეს იქნება ერთჯერადი კონტრაქტი ფსევდოამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის.

ეს საკმაოდ ცუდი მოცემულობაა, რადგანაც 2018 წლის არჩევნებით ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაკარგავს თავის ლეგიტიმაციას. თუ ხელისუფლებამ სისტემურ მანკიერებაზე, მარიხუანისა თემაზე და ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე სირაქლემის პოზაში ყოფნა ამჯობინა, ეს მისთვის იქნება გზა არსაით. ამ ტიპის მოვლენათა განვითარებით 2020 წელს „ოცნებას“ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ ექნება.

2020 წლისთვის რა ალტერნატივა გაჩნდება და რა როგორ მოხდება, ეს უკვე დროის საკითხია. მაგრამ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მოგახსენეთ, სწორედ ასე მოხდება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა