ნატო ჩხეიძე - “ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში,“იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში

“ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, ტელეკომპანია “იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გააკეთა.

ჩხეიძის მტკიცებით, “ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით - “სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ“.

“მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა: - კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი. უნდა მივმართო მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს: კალმის წვერზე მიზიხართ! ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ “ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, “იბერიას“ დაბრუნებაში და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობით 2004 წლის 18 დეკემბერს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო “ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვის ბრალდებით.

“ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს და ვერც დამტკიცდებოდა, რადგან მსოფლიოში არ არსებობდა ყალბი აქციზური მარკები. ამის მიუხედავად, უკანონოდ დაედო საგადასახადო დავალიანება 24-მილიონი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში გაჩერებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ამის მიუხედავად, მაშინდელმა მთავრობამ “ომეგა ჯგუფს“ მისცა რესტრუქტურიზაცია, რომლის გადახდაც ხუთი წლის განმავლობაში შესაბამისი კანონის მიხედვით მოხდა. ზაზა ოქუაშვილი 2005 წლიდან რეგულარულად ჩამოდიოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2013 წელს ზაზა ოქუაშვილმა თვითონ - “ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე დაიბრუნა ტელეკომპანია “იბერია“. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “იმედს“ უჩივლა სასამართლოში, თუმცა სასამართლო აღარ გაიმართა, რადგან ტელეკომპანია “იმედმა“, რომლის შემადგენლობაშიც რატომღაც ტელეკომპანია “იბერია“ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, კეთილი ნებით “იბერია“ მის კანონიერ მფლობელს გადასცა. “ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით - სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ! ვისაც ძალიან უკვირს, თუ რად უნდა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ზაზა ოქუაშვილისგან ბანკის საშუალებით დარეკეტებული 4-მილიონი, განვმარტავ, სწორედ იმიტომ, რადაც უნდოდათ თითო კოლოფი სიგარეტიდან 2-ნახევარი თეთრი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი