აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ფესტივალი „განდაგანა“ სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს

ბათუმში ევროპის მოედანზე, 5 ოქტომბერს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებების პროგრამას სთავაზობს. კერძოდ, გაიმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები, ფოლკლორ შოუ და სხვა ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

„ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების: „ბერმუხას“, „ელესას“, „ხორუმის“, „ათძალის“, „კოლხას“ , „მაჭახელას“, „ქობულეთის“, „ფესვებისა“ და „შუახევის“ ფოლკლორული ანსამბლების წარმოდგენებს დაესწრონ. 5 ოქტომბერს, დღის ბოლოს, სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ იზრუნებენ. 6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონის“ მუსიკალური ნომრებით დაიხურება“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდაგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა