თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ხეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან, რომლებიც დედაქალაქს ოქტომბრის ბოლოს ეწვევიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩაატარებენ. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენაა.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ოქტომბრის ბოლოდან თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარულ ჭრას დაიწყებს, რის შედეგად, ჯამში 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება.

ვინაიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ თბილისის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვის ინტენსიური ხმობა დაახლოებით 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ფიჭვები არ იყო გაშენებული ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში. ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც თხელ, განუვითარებელ ნიადაგებზე და ხშირად, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში განვითარებულია ზედაპირული ფესვთა სისტემა. ზემოაღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე დაირღვა ფიჭვის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ეკოლოგიური პირობები, რამაც განაპირობა ფიზიოლოგიური პროცესების და გამძლეობის დაქვეითება. შედეგად, აღნიშნული ნარგავები არ აღმოჩნდა გამძლე მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.

ფიჭვები ძირითადად დაავადებულია პათოგენური სოკოებით, რომლებიც უმთავრესად აზიანებენ წიწვებს, ტოტებს, იწვევენ წიწვებისა და წლიური ნაზარდი წიწვების წვერის ხმობას, გირჩების და ტოტების დაავადებას და საბოლოოდ, ხე-მცენარის ხმობას. ასევე, ფიჭვებზე მავნებელი მწერებიდან აღინიშნება ბუგრები, ჰერმესების ნაცვალი კანები, ქერქიჭამიები, ცილაჭამიები და ხარაბუზები.

დედაქალაქის მერია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ებრძოდა აღნიშნულ პრობლემას და ახორციელებდა დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი ხე-მცენარეების სანიტარულ ჭრას. ამის მიუხედავად, პროცესის შეჩერება და ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული კვლევა ჩაატარა. აღმოჩენილ მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად, რეგულარულად ხორციელდება ხეების შეწამვლის სამუშაოები. მიმდინარე წელს უკვე შეიწამლა 98 000 ხე-მცენარე. წლის ბოლომდე, ჯამში შეწამლული იქნება 120 000 ხე-მცენარე. ასევე, მიმდინარე წელს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აღირიცხა ხმელი და ზეხმელი ხეები და მოინიშნა შემდგომში მოჭრის მიზნით.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება სანიტარული ჭრები.

2019 წელს, ჯამში 18.86 ჰა ტერიტორიაზეა დაგეგმილი ტყის აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება. ამავე წელს, დაირგვება სხვადასხვა სახეობის 46 200 ნერგი. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დაგეგმილია 5000 ძირი სხვადასხვა სახეობის მაღალტანიანი 3 მეტრზე მაღალი ხის დარგვა“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა