იენს სტოლტენბერგი - საქართველო ჩვენს ყველაზე ახლო პარტნიორებს შორის არის

ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიის ძალიან პროდუქტიული სხდომა გვქონდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველო ჩვენს ყველაზე ახლო პარტნიორებს შორის არის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეტანილი აქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მხარეებმა ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილეს. „ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს თანხვედრაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ნატო-ს კარი ღია რჩება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ამ ორი რეგიონიდან.

„ჩვენ ასევე მივესალმეთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების განხორციელებაში. კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტური ინსტიტუტები და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვით რეფორმებს. საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების გზა“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა