კახა კალაძე - ნიკა გვარამიამ ფაშისტური განცხადებები გააკეთა

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადებების გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ნაწილი გააკრიტიკა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები შეფასებებში ტენდენციურები არიან და არ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამოვლინდა.

დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას განცხადებებს „ფაშისტური“ უწოდა და განაცხადა, რომ გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებები სამარცხვინო და აღმაშფოთებელია.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ტენდენციურები არიან და რეალურად არ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც საარჩევნო პერიოდშია. ამასთან დაკავშირებით უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა და განაცხადა, რომ მათი ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებები „ფაშისტურია“.

„თქვენმა გენერალურმა დირექტორმა ფაშისტური განცხადებები გააკეთა, აღმაშფოთებელია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გვარამიას განცხადებაზე გაკეთებული განმარტება. საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, უნდა გავერთიანდეთ, რომ ასეთი ფაქტები არ დავუშვათ“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, როცა წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრობენ, ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული პარტია, კონკრეტული ძალები, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობენ.

„ისინი ისევ ძველ რეჟიმში აგრძელებენ ე.წ. საარჩევნო კამპანიის წარმართვას. ძირითადად იმით არიან დაკავებული, რომ ოპონენტებს შეურაცხყოფა მიაყენონ, მიუგზავნონ თავიანთი პარტიის წარმომადგენლები, ცდილობენ ჩაუშალონ ღონისძიებები და ა.შ. დეტალებში არ შევალ. ეს ყველაფერი ცნობილი და ნათელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაწვდით ამ ინფორმაციებს. მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით გააქტიურდება და ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომელიც წინასაარჩევნოდ არსებობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვინც მას მხარს უჭერს, საერთოდ არ აღვიქვამ შეფასებისთვის მნიშვნელოვან ობიექტებად. მე ისინი მიმაჩნია ქვეყნის მოღალატედ და მის მხარდამჭერებად. მე ჩემი აზრი გამოვთქვი როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ და ჩემი აზრით, პატრიოტმა, იმ ადამიანის მისამართით, რომელიც მიმაჩნია ჩემი სამშობლოს მოღალატედ და ჩემი სამშობლოსთვის ძალიან დიდ საფრთხედ. ეს არის ჩემი პერსონალური აზრი და დიახ, ამით დავკავდები ვიქნები „რუსთავი 2“-ში თუ ვიქნები სხვაგან, ქვეყნის მოღალატეების წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებ. მათ შორის, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილის. მაღაზიაში ვიქნები გამყიდველი, პურს არ მივყიდი, ბანკში ვიქნები კრედიტოფიცერი კრედიტს არ გავცემ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - ნიკა გვარამიამ ფაშისტური განცხადებები გააკეთა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა