გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს - ცრემლნარევი ხუმრობაა ქუთაისში, ბოლო ვინც წახვალთ, აეროპორტში შუქები ჩააქრეთო

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გურიაში ამომრჩევლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ლანჩხუთში შეკრებილებს გრიგოლ ვაშაძემ და პაატა ბურჭულაძემ მიმართეს. სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ასევე გაერთიანების სხვა ლიდერებმაც.

„თქვენთან ერთად დგომა არის სიამაყე, ეს არის ის ბედნიერება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ შეიძლება მიიღოს. ჩვენ დღეს გურიაში შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ერთად ვისაუბროთ, როგორ შეიძლება და როგორ დავამარცხოთ საქართველოში გამეფებული განუკითხაობა, სიღატაკე, სიღარიბე, ბავშვების შიმშილი, კრიმინალი და კორუფცია, რამაც ჩვენი სამშობლო მოიცვა და მოიცვა ისე, რომ ექვსი წელიწადი უტიფარი, თავხედური დაპირებების გარდა, არაფერი არ გაისმის ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, რომელიც გვეუბნება გამეფებულ სიღატაკეზე, კორუფციაზე და კრიმინალზე, რომ ყველაფერი შესანიშნავად მიდის, ქვეყანა იზრდება, რეფორმების მეორე, მესამე თუ მეოთხე ტალღა ხორციელდება და თქვენ სულ ყველა უნდა იყოთ ბედნიერები. ჩვენ მოვედით აქ, რათა გკითხოთ, იმსახურებს ქართველი, იმსახურებს გურიის მკვიდრი იმ ყოფას, რომელშიც ერთად აღმოვჩნდით? ნუთუ ჩვენი უნიჭიერესი, კეთილშობილი, შრომისმოყვარე, ლამაზი ხალხი იმსახურებს იმას, რომ ყველა ემიგრაციას ელოდებოდეს, ყველა ფიქრობდეს როდის წავა სადმე, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს ოჯახისთვის, ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ, ჩვენ სამუშაო ადგილები საქართველოში გვინდა, ჩვენ გვინდა მუშაობა სამშობლოსთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ოჯახი ღირსეულად ცხოვრობდეს, არ გვინდა ჩვენ ემიგრაცია.

ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში, ეს კრიზისი არის ეკონომიკური, ეს კრიზისი არის პოლიტიკური, ეს კრიზისი არის სოციალური, ეს კრიზისი, რაც ყველაზე სამწუხაროა, არის მორალური, იმიტომ, რომ ხალხმა დაკარგა ყველანაირი გამძლეობა, ყველანაირი მოთმინება, ვეღარ იტანს ამ სიღარიბეს, არაადეკვატურ ჯანდაცვას, უიმედობას, მაგრამ მოვიკრიბოთ ძალა. მოვიკრიბოთ ძალა მართლა იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ემიგრაციაში არ მოუწიოთ წასვლა და ჩვენი სამშობლო უპატრონოდ არ დარჩეს.

ცრემლნარევი ხუმრობაა ქუთაისში, ბოლო ვინც წახვალთ, აეროპორტში შუქები ჩააქრეთო. არც აეროპორტში წასვლა გვინდა, არც შუქის ჩაქრობა გვინდა და აეროპორტში თუ წავალთ, იმიტომ წავალთ, რომ ჩვენი ლამაზი პასპორტი ლამაზი გერბით, მესაზღვრემ გადაშალოს, პატივისცემით შემოგვხედოს და ვიზა ან შეშვების უფლება ჩაგვირტყას, როდესაც დასასვენებლად ჩავალთ სადაც იქნება. ეს არის, რასაც საქართველო იმსახურებს.

ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ეროვნული ხელისუფლებით. ეროვნული პრეზიდენტით, ეროვნული მთავრობით, ეროვნული სასამართლოთი, ეროვნული სამართალდამცავი ორგანოებით, იმ ხალხით და ისეთი ინსტიტუციებით, რომლის არსებობის მიზეზი და მიზანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ქართველს და აქ მე ვგულისხმობ ყველა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ყოველი მომდევნო დღე ჰქონდეს საუკეთესი, ვიდრე ჰქონდა წინა. ასე, რომ ვინც დაგპირდებათ ევროპაში ცხოვრებას, შვეიცარიაში ცხოვრებას, იმ დონის მიღწევას, უმოწყალოდ გატყუებენ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ მთვრობის ინიციატივაც გააკრიტიკა.

"პირველი, რასაც გავაკეთებთ ეროვნული ხელისუფლების შემდეგ, შეწყდება ყველანაირი ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე და დაიშლება პოლიტიკური პოლიცია. პოლიტიკურ პოლიციას საქართველოში ადგილი არა აქვს. გრძელდება შეტევა ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე. ახლა გამოგვიცხადეს საქართველო ნარკოპლანტაციებად, ხოლო სახელმწიფო - ნარკობარიგად. ეს არის ჩვენი გენეტიკური ფონდის, ახალგაზრდა თაობის განადგურება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა