მთაწმინდის გამგეობა ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას მომავალი წლიდან დაიწყებს

მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოში ლიეტუვას საელჩოს წარმომდგენლებმა, ქალაქ ვილნიუსის მერიის დელეგაციას, რომელიც დედაქალაქს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეწვია, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მთაწმინდის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე, ლიეტუვას ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ვილნიუსი მერის მოადგილე ედიტა ტამოსიუნაიტე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის შექმნილი კონცეფცია სტუმრებს პროექტის ავტორმა, ლიეტუველმა არქიტექტორმა რიტის ციკანავიჩიუსმა წარუდგინა.

აღნიშნული პროექტი, რომლის განხორციელებას მთაწმინდის გამგეობა მომავალი წლიდან დაიწყებს, თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 930 ათასი ლარი გამოიყოფა.

ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიტვის კულტურულ სახეს ასახავს. სკვერში დეკორატიული შადრევანი მოეწყობა, სადაც „ვილნიუსის ანგელოზის“ ქანდაკება განთავსდება. შადრევნის მიმდებარედ კი დასასვენებელი სკამები და ლითონის პერგოლა დამონტაჟდება, რაზეც ხვიარე მცენარეები გაშენდება.

სკვერის საფეხმავლო ბილიკები, პანდუსები და კიბეები გრანიტის ფილებით მოპირკეთდება. ტერიტორიის ნაწილი გაზონის ბალახით დაიფარება, ხოლო მწვანე ნარგავებთან დეკორატიული ღორღი და მულჩა დაიყრება.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო მოედნების მოწყობას, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდება, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით.

სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

სკვერში განთავსებული დურბინდის მეშვეობით, ვიზიტორები „ვილნიუსის ქანდაკებას“ დაინახავენ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ლიეტუვას დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა