„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან მოითხოვს, იმ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა დაიწყოს, რაზეც მირზა სუბელიანი ჩანაწერებში საუბრობს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა, რაზეც მირზა სუბელიანი "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში საუბრობს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურა მხოლოდ იმ ფაქტითაა დაინტერესებული, თუ როგორ მოხდა ჩაწერა და შემდეგ გავრცელება, ხოლო ჩანაწერის შინაარსით არ ინტერესდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უერთდება საზოგადოების შეშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს, ამიტომ ჩვენ დღეს ამ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, განცხადებით მივმართავთ მთავარ პროკურატურას, რათა მოხდეს ამ აუდიო ჩანაწერებში ასახული ფაქტების შესწავლა. მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება, მაგრამ გამოძიება უშუალოდ იმ ფაქტზე მიმდინარეობს თუ როგორ მოხდა ამ ჩანაწერების მოპოვება, გავრცელება, ტელეკომპანიისთვის მიწოდება და ა.შ. პროკურატურა დღეს ძირითადად ამ ფაქტის შესწავლითაა დაკავებული", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ჩანაწერში საუბარია მთელ რიგ დანაშაულებზე, თუმცა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ კონკრეტულ მიმართვაში ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს პროკურატურას.

„უშუალოდ ჩანაწერში დასახელებულ ფაქტებზე გამოძიებაა დასაწყები. ჩვენ მოვისმინეთ მთელი რიგი ინფორმაცია სხვადასხვა დანაშაულების შესახებ. ამ დანაშაულების თაობაზე, რა თქმა უნდა, რეაგირებაა მოსახდენი, თუმცა, დღეს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საუბრობს უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ამ აუდიო ჩანაწერში არსებულ გარემოებებზე. ამაზე ჩვენ აქამდეც მოგვიხდენია რეაგირება და მიგვიმართავს პროკურატურისთვის, რომ უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ნეგატიურ გავლენას ახდენდა გამოძიებაზე. დღეს ჩვენ ამ აუდიო ჩანაწერებით ვხედავთ, რომ კიდევ უფრო გამყარდა ის წინასწარი ინფორმაცია, რაზეც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყოველთვის საუბრობდა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძეც ჩანაწერის შინაარსის შესწავლაზე ამახვილებს ყურადღებას.

„გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-158-ე მუხლების შესაბამისად. ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმაზე თუ როგორ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი საუბრის ჩანაწერების გავრცელება. აქ არავითარი საუბარი არაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსის შემცველია ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის საუბარი. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა იმ ფაქტობრივი გარემოებების, რაზეც საუბრობს მირზა სუბელიანი ამ ჩანაწერებში", - განაცხადა ლონდარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა