ირაკლი სესიაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - მიჩნდება ეჭვი, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივები, შეკვეთილი სცენარი, რაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს

მიჩნდება ეჭვი, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივები, აქ არის შეკვეთილი, გარკვეული სცენარი, რაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

როგორც სესიაშვილმა განაცხადა, ყველა პირი, ვინც ფაბრიკაციაში იყო ჩარეული, თუ დანაშაულს ჩადიოდა, უმკაცრესად დაისჯება.

„ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია ის თემები, რაზეც სუბელიანი საუბრობს. ასეთ ხელისუფლებაში, ასეთ ქვეყანაში ნამდვილად არ ვცხოვრობთ. ჩემთვის პირადად იკვეთება პოლიტიკური მოტივები. ყველა ვხვდებით, რომ ეს ხდება არჩევნებისთვის. აქამდე ადგილი ჰქონდა „რუსთავი 2“-ის მხრიდან ფაბრიკაციებს და მენიშნება, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივები, მითუმეტეს, როცა პროკურატურამ ისაუბრა, რომ კონკრეტულ ადამიანს დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებით, თუ ის ამ ჩანაწერებს არ მოიპოვებდა. ბუნებრივია, მე მიჩნდება ეჭვი, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივები, აქ არის შეკვეთილი გარკვეული სცენარი, რაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს. ყველა პირი, ვინც ამ ფაბრიკაციაში იყო ჩარეული, თუ დანაშაულს ჩადიოდა, უმკაცრესად დაისჯება. ამის სადარაჯოზე პირველ რიგში იქნება უმრავლესობა და პარლამენტი.

ვერ წარმომიდგენია, რომ ის დანაშაულები, რაზეც ბატონი სუბელიანი საუბრობს, ამ ქვეყანაში ხდებოდეს. მე, 6 წელია მთავრობაში ვარ და ვერც ერთ მსგავსი ტიპის ფაქტზე ვერ მიმითითებს ვერავინ. მითუმეტეს, რომ საუბარია 50-კაციან ფორმირებებზე, ეს არის სრული აბსურდი. იმ ფორმით და შინაარსით, ეს ჩემთვის აბსოლუტურად სხვა სამყაროა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ არის ეს ფაბრიკაცია. თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთა, პირველ რიგში, დაუნდობლები ვიქნებით პირველ რიგში ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ იქნება, თუ პოლიტიკური მოტივები გამოიკვეთა.

„თუ აქ პოლიტიკური მოტივები გამოიკვეთა, რაღაც საგამოძიებო კომისიაზე უნდა ვილაპარაკოთ? ისევ იმ პოლიტიკურ ძალასთან უნდა გვქონდეს საგამოძიებო კომისიაში საქმიანობა, ვინც შესაძლოა ჩარეული იყოს ამ საქმეში? პირველ რიგში, რაღაც კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ, ამის შემდეგ შესაძლოა ვიმსჯელოთ ვინ უნდა დავიბაროთ პარლამენტში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ორი დღის წინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა