ლევან იზორიამ შვედეთის სამეფოს ახალ ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ლევან იზორიამ მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და შვედურ მხარეს საქართველოს მიმართ აღმოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება გაეთვალისწინებინა.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შვედეთის როლზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედი ექსპერტის ჩართულობაზეც გაამახვილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო-განათლების კუთხით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებასა“ NATO-GEO და სწავლებაში „მტკიცე სული“ Agile Spirit ჩაერთვება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი დაესწრნენ.

ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა