ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ლარის კურსის ვარდნა მოლოდინებს უკავშირდება

ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არის საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსის ასეთი რყევა არსებობდეს, - ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, კურსის ვარდნა მოლოდინებს უკავშირდება.

“ჩვენ არ ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში არის რაიმე ისეთი სერიოზული ფაქტორი, რომ ასეთ რყევას იწვევდეს. სამწუხაროდ, ლარს ასეთი რყევები ახასიათებს. ამაზე ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება. ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება“, - განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6855 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6855 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1095 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0925 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.017 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.