დავით ზალკალიანი  – ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე დადასტურდა, რომ საქართველო ლიდერია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე დადასტურდა, რომ საქართველო ლიდერია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებში.

„მიმდინარეობს ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპარლამენტის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციასთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ საქართველო მართლაც არის უაღრესად წარმატებული და ლიდერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა .

სამინისტროს განცხადებით, ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა, როგორც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ქვეყანაში განხორციელებული ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მხრივ. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპარლამენტის წვერებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო დღის წესრიგზე, მათ შორის მთავრობის ინიციატივაზე "ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა" რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, მის ინსტიტუციურ და საკანონმდებლო სტანდარტებს.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამ მხრივ აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, სადაც მტკიცედ იქნა დაგმობილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების ჩატარება გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დაცვით, ამ მიზნით საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის არჩევნებს დააკვირდებიან ევროპარლამენტარები. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამკვირვებელს შეექმნას პირობა დააკვირდეს არჩევნებს და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია წინასაარჩევნო პროცესებთან და არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“