დავით ჭიჭინაძე - როგორც ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, ლევან ყიფიანმა სამართალდამცავებს ცრუ ჩვენება მისცა, რომ ის სარდაფში ჩაყვანილი არ ყოფილა

დღეს გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ რასაც აქამდე ვისმენდით, საზოგადოების მოტყუება და დაცინვა იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ დროულად უნდა გააკეთოს სამართლებრივი შეფასება და ასევე საზოგადოებისთვის განმარტება უნდა გააკეთოს ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

„როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ლევან ყიფიანმა სამართალდამცავებს ცრუ ჩვენება მისცა, რომ თითქოს ის სარდაფში ჩაყვანილი არ ყოფილა და აღნიშნული საუბარი ვიღაცის მოსატყუებლად იყო დადგმული. მან განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ დასცინიან საზოგადოებას მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, პროკურატურამ დროულად უნდა გააკეთოს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ.

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს. გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარ სარდაფის ინციდენტზე. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს და მენეჯერს ამ დაპირისპირების დეტალებს უყვება და ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ინციდენტის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე ამბობს: „შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს რა“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს