ბიძინა ივანიშვილი - მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ

კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შფოთვას ვერ გავიზიარებ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნლისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „თქვენივე გუნდის წევრმა, „გირჩის“ ზურაბ ჯაფარიძემ შეგახსენათ, რამდენი მომხმარებელი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ნარკოტიკს და თქვენი დირექტორი დაასახელა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში“.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ხელწერაც გვახსოვს დღეს, ცდილობს და ილაშქრებს მარიხუანას დათესვის და წარმოების წინააღმდეგ. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენივე გუნდის წევრმა, „გირჩის“ ზურაბ ჯაფარიძემ შეგახსენათ რამდენი მომხმარებელი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ნარკოტიკს. ისევ თქვენი გუნდის ყოფილმა წევრმა შეგახსენათ და თქვენი დირექტორი დაასახელა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში. თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ იმის, რაც დღეს გინდათ, რომ აიღოთ, აიტაცოთ ხელში. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მისი გუნდის წევრები ასახელებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ასევე, ასახელებენ თქვენი ტელევიზიის დირექტორსაც. ასევე, მყავს თქვენი ლიდერიც ნანახი ტელევიზიით ამ თემაზე. ის, რომ საპატრიარქო ღელავს და შფოთავს, მისი უწმინდესობა, მეუფე შიო და ბევრი პატივცემული მეუფე, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ქართული ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე, ჭეშმარიტად და ობიექტურად აღელვებს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა თემა, ეს გასაგებია, მაგრამ ამას რომ იწერს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცინიზმია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დარწმუნდებიან, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, „ქართული ოცნების“ გუნდი საზოგადოების წინააღმდეგ არ წავა.

„კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში შევიდა, საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით და არსად ყოფილა საუბარი ნარკოტიკულ მოხმარებაზე. ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, საპატრიარქოს რეაქცია და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. მეც ვმონაწილეობდი კანონპროექტის განხილვაში, სანამ პარლამენტში შევიდოდა. რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ეს არის ძალიან დიდი რენტაბელობა, რაც ჩემთვის საინტერესოა - 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამ წელიწადში.

მარიხუანას მწარმოებელი ქვეყნები მინდა ჩამოვთვალო, ვინც აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს: ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია და როცა გუნდშიც გვქონდა ამის განხილვა, გუნდის წევრების ნაწილს არ მოსწონდა ეს ჩამონათვალი და ამბობდნენ, რომ ისინი განვითარებული ქვეყნები არიან. ასევე, უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებით. რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, გუნდის რეაქცია იყო ადეკვატური და კანონპროექტი შევაჩერეთ. გაგრძელდება ამაზე მსჯელობა, მათ რიცხვში საპატრიარქოსთან და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ახლა წავალთ. თქვენს ზრუნვას და შფოთვას კი ვერ გავიზიარებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის არანაირი მორალური საფუძველი არ აქვს და არ გვჯერა, რომ თქვენ ამაზე შფოთავთ. თქვენ არ შფოთავთ ამაზე, თქვენ ეძებთ ინტრიგებს. სამედიცინო და კოსმეტიკური წარმოების მიზნით ამ იდეას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ დამატებით 1 მილიარდი და შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით. წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია ჩვენი საზოგადოების რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პატრიარქს, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც იყო ადეკვატური“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცა.

იხილეთ ვიდეო: პლანის პლანტაციები თქვენი იდეაა? გაქვთ მარიხუანა მოწეული? - ივანიშვილის პასუხი კანაფის კულტივაციაზე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან