ლევან იზორია - საქართველოსთვის უსაფრთხოების განახლებული მიდგომა სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება

ლევან იზორია - საქართველოსთვის უსაფრთხოების განახლებული მიდგომა სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება

ვთვლით, რომ ვიმყოფებით გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში, ამ კონკურენციას აღვიქვამთ ორი - დემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემებს შორის დაპირისპირებაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბათუმში მიმდინარე „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ რიგით მე-12 კონფერენციის პანელზე - „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“ განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველოს, უსაფრთხოების გარემო რეგიონში ადეკვატურად აქვს აღქმული.

„ადეკვატურად გვაქვს აღქმული უსაფრთხოების გარემო რეგიონში. ვთვლით, რომ ვიმყოფებით გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში, როგორც ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია აღნიშნული და რომლის მთავარი გამოწვევაა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერება, ასევე აშშ-ის ლიდერი როლის გამოცოცხლება. ამ კონკურენციას აღვიქვამთ ორი - დემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემებს შორის დაპირისპირებაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გამკლავების მიზნით ამ ქვეყნებისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, რაც მისივე თქმით, ადეკვატურად აისახა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, სადაც საქართველოსაც აქვს განსაკუთრებული როლი.

მინისტრის თქმით, ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავარი ამოცანაა ფრონტის წინა ხაზზე ერების ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ეს ყველაფერი კი ემსახურება წესებზე დაფუძნებული დასავლური სამყაროს შენარჩუნებას.

იზორიას შეფასებით, საქართველოსთვის უსაფრთხოების განახლებული მიდგომა სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება, რაც ჩვენი თვითრეალიზაციისა და განვითარების გზაა და გულისხმობს მეტ ნატო-ს საქართველოში.

პრაქტიკული თვალსაზრისით, თავდაცვის მინისტრმა განხორციელებული რეფორმების ის მიმართულებები დაასახელა, რომელმაც საქართველოს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითო ქვეყნის სახელი მოუპოვა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ გამოყო მთლიანი შიდა პროდუქტის თავდაცვის ხარჯებზე 2%-ის მიმართვა, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ის შეიარაღებაზე მიმართვა, შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, კონტრმობილურობის განვითარება, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, ფოკუსირება ხდება ტერიტორიულ თავდაცვაზე და მრავალეროვნული ერთობლივი წვრთნებიც სწორედ, ამ პრინციპზე დაყრდნობით ტარდება. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობაზე.

ლევან იზორიამ სამხედრო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით ახალ ინიციატივებზეც გააკეთა აქცენტი და გადასროლისწინა მომზადების საქართველოში ჩატარებაზე ისაუბრა, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მეტ ნატო-ს საქართველოში.

კონფერენციის პანელს - „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“ „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ მასპინძლობდა. სესიას მოდერატორობა პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გაუწია. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნებმა, რომლებიც წნეხის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელონ, მათ შორის სამხედრო მიმართულებით. ამ კონტექსტში მაიკლ კარპენტერმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მიმდინარე რეფორმები გამოყო და მათ სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უწოდა.

„არსებული საფრთხეების გამკლავებაზე იმსჯელეს ასევე, აშშ-ის ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორმა ბრაიან ვიტმორმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იჰორ დოლჰოვმა.

უკრაინის ელჩმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა, განსაკუთრებით გამოყო რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ბრაიან ვიტმორმა კი, გამოწვევების კონტექსტში ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

პანელზე მოხსენებისას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველო „წნეხის ქვეშ მყოფ“ ქვეყნად დაასახელა და ამის ერთ-ერთ მაგალითად ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია დაასახელა. ელიზაბეტ რუდმა საქართველო აშშ-ისთვის სტრატეგიული ინტერესის ქვეყნად დაასახელა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროგრამებსა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.