ვახტანგ ძაბირაძე - “ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელი აღარ მუშაობს”
სიმონ ნოზაძე - “ვინც ხმა პირველ ტურში ნაციონალებს მისცა, მეორე ტურში მათ მხარს აღარ დაუჭერს”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელი აღარ მუშაობს”
"ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ამ შედეგებმა აჩვენა, მაგრამ მთავარი არის, რამდენად სწორად აკეთებს ამის ანალიზს, რამდენად იპოვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს. პირველი რეაქციები უკვე იყო. თუნდაც კანაფის შესახებ კანონპროექტი, რომლის გაწვევაზეც უკვე გვითხრეს. თუმცა ეს უკვე აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება ბოლომდე ცდილობდა ამ კანონპროექტის შენარჩუნებას... არც ამაში არ არის საქმე. ზოგადად რთული გადაწყვეტილებების წინაშე დგას ხელისუფლება. მთავარია, ამ ნაბიჯებს ელექტორატი როგორ აღიქვამს და ირწმუნებს - პრობლემა ის არის, რომ ელექტორატმა და თუნდაც “ოცნების” მხარდაჭერებმა არ აღიქვან ეს ნაბიჯები უკანდახევად და დამარცხებად. ეს ასე არც “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ უნდა აღიქვას...”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელის აღარ მუშაობს” / ვახტანგ ძაბირაძე” “ოცნებამ” არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანოს”.
“მთლიანად სტრატეგიაა შესამუშავებელი. თუ მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, რომ ორგანიზაციულ მხარეს გააძლიერებენ და სხვა არაფერი, ეს არ იქნება საკმარისი, რადგან მათ დამატებით 200 000 ხმა სჭირდებათ. მილიონ 800 ათასი ამომრჩეველი მაინც უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები პატიოსნად მოიგოს - ღმერთმა ნუ ქნას, რომ გააყალბონ. “ნაციონალურ მოძრაობას” კი დაემატა ის 200 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ფრთხილობდა და მოლოდინის რეჟიმში იყო. ბოლო პერიოდში მოხდა გარდატეხა და “ნაციონალებს” დაუბრუნდა ის თავისი ამომრჩეველი, რომელიც ფრთხილობდა და არჩევნებზე არ მიდიოდა. ოქტომბრის მეორე ნახევარში იმასაც კი ვფიქრობდი, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში გავიდოდა თუ არა... “ქართულმა ოცნებამ” ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით უამრავი შეცდომა დაუშვა, თან 2016 წლიდან მათი რეიტინგი ეცემოდა და კლების რეჟიმში იყო. მე ხელისუფლებას ვეუბნებოდი, მათ მხოლოდ ეს ერთი წელი ჰქონდათ, რომ ცუდად მიმავალი პროცესი შემოებრუნებინათ, მაგრამ არათუ არ შემოატრიალეს, პირიქით უარესი ქნეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუმცა, სიმართლე გითხრათ ამხელა ნახტომს მაინც არ ველოდი. ეს გამოიწვია იმან, რომ ამომრჩეველი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ წავიდა. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხისთვის სულ ერთია, სააკაშვილი დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება. ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდებოდა, სწორი ტაქტიკა იყო საჭირო და რეალობისთვის თვალებში ჩახედვა და არა წაყრუება... ბევრი ფაქტორი ერთად მუშაობდა. პრობლემატური იყო კანდიდატი, პრობლემატური იყო ფარული ჩანაწერები, პრობლემატური იყო ივანიშვილის ის ორი ინტერვიუ, რომელმაც ადამიანები საწინააღმდეგოდ განაწყო... თუ ამ სტილში გააგრძელებს “ქართული ოცნება”, მაშინ არაფერი გამოვა. თუმცა, ვფიქრობ რესურსი მაინც არის, მაგრამ რამდენად შეძლებს მის ამოქმედებას, რთული სათქმელია”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - "კალაძის პირველი განცხადების შემდეგ, როდესაც მან კენჭი სალომე ზურაბიშვილსკენ ისროლა, ის კვლავ დარჩება ივანიშვილის ქოლგის ქვეშ თუ სხვა მიმართულების წასვლას შეეცდება?” - პასუხობს:
“ჯერ კახა კალაძე ივანიშვილი ქოლგის ქვეშ დარჩება. ეს თუნდაც იმ გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომელიც მიიღეს, რომ კალაძე თბილისის შტაბს უხელმძღვანელებს. მე ვფიქრობ, მისი ეს განცხადება უფრო ემოციური იყო, ვიდრე პოლიტიკური გზავნილის შემცველი. ასეთი განცხადების შემდეგ ცოტა უხერხულია, რომ იმ გუნდში რჩები - პოლიტიკას არ უყვარს მსგავსი განცხადებები, რადგან ის პრობლემებს აჩენს. კალაძეს პრობლემა გაუჩნდა, თუმცა პროცესი როგორ განვითარდება, ეს მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული”.
“ოცნებამ” ყველა დიდი ქალაქი წააგო. ეს პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაშია, სერიოზული სიგნალია. ამიტომ მარიხუანის კანონპროექტის გაწვევა და ვიღაცის დაკავება ვერ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც მათ სჭირდებათ - ეს მხოლოდ დამატებითი ფაქტორები უნდა იყოს. “ოცნებამ” არჩევნებში უნდა შემოიტანოს საპარლამენტო არჩევნების თემები, რომელთაც მთავრობა გაატარებს და ეს დღეს ივანიშვილმა უნდა გაახმოვანოს - მაგრამ შეუძლიათ კი?! დღეს სალაპარაკოა არა იმაზე, თუ რა იქნება ერთი თვის შემდეგ, არამედ იმაზე, იმის შემდეგ რა იქნება და საერთოდ როგორ წარმოუდგენიათ მომავალი. ასევე, ძალიან გახსნილად და გულწრფელად უნდა ილაპარაკონ იმ შეცდომებზე, რომლებიც იყო და რომელთაც ადამიანები - ამ ქვეყნის მოქალაქეები თავად უყურებდნენ. თუ ისინი ისევ იგივეს აპირებენ - რომ სააკაშვილი მოვა, ეს ყველაფერი შავი პიარის ბრალია და ა.შ. მაშინ ჩათვალეთ, რომ მოხდება ის, რაც უკვე მოხდა... “9 წელი” კარგა ხანია აღარ მუშაობს, ეს უნდა გაიგოს “ქართულმა ოცნებამ” და თუ ვერ გაიგებს, მაშინ მოხდება ის, რაც მოხდა”, - დაასკვნის ძაბირაძე.
“ქართველი საზოგადოება ცოტა სხვა საზოგადოებაა. მთავრობის სახლის წინ ეს საზოგადოება დილით იკრიბებოდა სულ უმნიშვნელო მოთხოვნით და საღამოს უკვე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ჰქონდა - თუ ამას არ გაითვალისწინებენ, მაშინ გაუჭირდებათ. დღეს ხალხი უკვე იძახის, ჩამოვიდეს ეს სააკაშვილიო... ამიტომ ვამბობ, რომ სხვაა საჭირო, ქმედებაა საჭირო, სწორი გეგმებია საჭირო. ერთი, რაც შემიძლია დღეს დანამდვილებით გითხრათ არის ის, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ 1%-ით მოიგებს არჩვენების მეორე ტურს, მაშინ ეს მოგება არ იქნება. ის იქნება საზოგადოების კვლავ ორად გახლეჩა, რაც მომდევნო ორ წელიწადში კარგს არაფერს მოუტან არც “ქართულ ოცნებას” და არც ქვეყანას”, - დასძენს რესპონდენტი.
სიმონ ნოზაძე - “ვინც ხმა პირველ ტურში "ნაციონალებს" მისცა, მეორე ტურში მათ მხარს აღარ დაუჭერს”
"ყველაზე მეტი ბრალი საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ შედეგში მიუძღვის იმას, რომ “ოცნებამ” ირწმუნა, რომ ის მაგარია, რომ ბევრ რამეში შეუძლია აღარ მოუსმინოს ხალხს. ამ დამოკიდებულებიდან დადგა შედეგი. ამიტომ “ოცნებას” ხალხი გაებუტა კიდეც, გაუნაწყენდა კიდევაც - წავიდა და ჯიბრზე სხვას მისცა ხმა. ასე მგონია, ბევრნი დაფიქრდებიან და მეორე ტურში სხვას მისცემენ ხმას. ეტყობა, არავინ ელოდა ასეთი დიდი პროცენტის აღებას “ნაცმოძრაობის” მიერ. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში საზოგადოება ახლა უკვე სხვანაირად მოიქცევა”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სიმონ ნოზაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სიმონ ნოზაძე: “ვინც ხმა პირველ ტურში ნაციონალებს მისცა, მეორე ტურში მათ მხარს აღარ დაუჭერს”.
“ამის თქმის საფუძველს მაძლევს და მე ამის იმედი მომეცა, რადგან სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებლად აქტიურდება. რასაც სოციალურ ქსელებში ვუყურებ, რასაც ისინი წერენ, იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში სხვა რეალობა იქნება. შეიძლება ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკოსების გარეშე ჩაატაროს ისეთი აქციები, რომ ჭკუის სასწავლებელი გახდეს. ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია შესაძლო შედეგებით - ანუ იმით, რომ შეიქმნა ალბათობა “ნაციონალების” ხელისუფლებაში მობრუნებისა - ბევრი მათგანი, ვინც ნაცმოძრაობას მისცა ხმა, სამოქალაქო მოძრაობას გვერდში დაუდგება და აღარ მისცემს ხმას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სიმონ ნოზაძე.
“რაც შეეხება ბრალდებებს რუსული აგენტურის თაობაზე - გაღმა შეედავეს მეთოდია - გადახედეთ ვაშაძის ბიოგრაფიას და ნახავთ ვინ ვინ არის. გრიგოლ ვაშაძე იყო რუსეთის კოსმოსური შეიარაღებისა და ბირთვული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი. მანამდეც არანაკლები პოსტი ეჭირა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში - იყო კომინტერნის ჩამნაცვლებელი - საგარეო ურთიერთობები ჰქონდათ სოციალისტურ ქვეყნებთან და იმ ხალხთან კაპიტალისტურ ქვეყნებში, რომლებიც კომუნისტები იყვნენ... როგორ შეიძლება გრიგოლ ვაშაძე არ იყოს კგბ-ს ნომენკლატურა? რა გითხრათ? მეც მგონია, რომ რუსეთმა დაგვიწყო ოპერატიული თამაში - მე ასეთი განცდა მაქვს. დეპუტატი რომ დეპუტატს შეხვდეს, მინისტრი- მინისტრს ამის მომხრე ვარ, მაგრამ ოპერატიული ურთიერთობების მომხრე არ ვარ - იქ ცალსახად რუსეთი გვაჯობებს, რადგან ძალიან ძლიერია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მომავალში რას ელოდებით?” - პასუხობს:
“ბევრი, ვინც ხმა “ნაცმოძრაობას” მისცა, მათ მხარს აღარ დაუჭერს, რადგან დაინახეს, რომ რომ დიდი პროცენტი მიიღო... "ოცნებაზე" ალბათ ფიქრობდნენ - თქვენ განახებთ სეირსო. ახლა რომ დაინახეს, შეიძლება რაღაც არასასურველი შედეგი დადგეს, ბევრი გონს მოეგება. ყველამ დაუდევრობა გამოვიჩინეთ, ჩვენი მომხრეების არჩევნებზე არ მივიდნენ. უნდა ვაღიაროთ, “ნაციონალები” ორგანიზებული ძალაა, მერწმუნეთ, მათ შეძლეს ყველა მათი მომხრის მიყვანა საარჩევნო ყუთებთან.”ოცნებამ” დაუდევრობა გამოიჩინა, მაინც მოვიგებთო... ვიღაცები ცხოვრებამ გაათამამა, ვიღაცები თანამდებობაზე მოსვლამ და ცუდი შედეგი დადგა... ალბათ მოსახლეობა დატოვებს შანსს, რომ “ოცნებაში” გონს მოეგონ, შეცვალონ რაღაცა, თორემ 2020 წლის არჩევნები ახლანდელთან შედარებით მონაგონი იქნება”.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"