დღეს, როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი ხელისუფლებას, რომ შეცდომები სწრაფად, არა, უსწრაფესად გაიაზროს და გამოასწოროს!, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი დღევანდელ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.
ყოფილი დიპლომატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სრულად იზიარებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად ყველა ხარვეზი დაუყოვნებლივ გასასწორებელია. ამასთან, ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზეც საუბრობს.
„გულდასმით გავეცანი ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას! ბოლომდე ვეთანხმები მისი მოწოდების პათოსსაც და მთავარ იდეასაც! მომიტევეთ, მაგრამ არ შემიძლია აღელვების გარშე საუბარი...არ შემიძლია, ვინაიდან ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება...ვინ იცის უკვე მერამდენეჯერ...
ვიყავი და ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. და არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ვიყავი ამ მოძრაობის დამფუძნებელთა რიგებში სულ დასაბამიდან და დღეს მხოლოდ სიამაყით მახსენდება ის ურთულესი გზა, რაც ჩემს მეგობრებთან ერთად გავიარე! მახსენდება ყველა დღე, ყველა საათი და ყველა წუთი!
უმძიმესი, მაგრამ მამულიშვილური გამოწვევებით, ელემენტარულად ფიზიკური განადგურების საფრთხეებით იყო ეს გზა სავსე! მაგრამ იყო ნათელი და უკეთილშობილესი! უკეთილშობილესი იყო, ვინაიდან სასწორზე იდო საქართველოს ნორმალური განვითარება, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და მშვიდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ.
როგორმე თავი უნდა დაგვეღწია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისათვის, როგორმე უნდა მისცემოდა დათრგუნულ, გადაღლილ საქართველოს თავისუფალი ფიქრის, აზროვნების, ადამიანური ცხოვრების საშუალება. როგორმე თავი უნდა დაგვეღწია იმ რეალობისგან, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჩურჩულით ესაუბრებოდნენ, როდესაც ეშინოდათ მობილური ტელეფონის სიახლოვეს ლაპარაკი, თუნდაც ტელევიზორის ჩართვა, რადგან ჩართული ტელევიზორის მეშვეობით გვითვალთვალებდა ადგილობრივი “დიდი ძმა“. ძალიან ცუდი დრო იყო: მთელ საქართველოში არავინ იყო დაზღვეული, რომ სახლიდან გავიდოდა და უკან მშვიდობით დაბრუნდებოდა. როდესაც ბანალურობად იყო ქცეული ფიზიკური ძალადობა, სისხლი, მკვლელობა, ყველანაირი პიროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვა. როდესაც ცხოველური შიში იყო გაბატონებული ქართული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობაში!
ნათელი იყო მიზანი და დღეს, ისევე, როგორც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ვარ ბედნიერი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოქალაქეებმა მიაღწიეს! ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ჩვენ ყველანი 21-ე საუკუნის საქართველოს მოქალაქეები ვართ და ადამიანურად გასაგებია, რომ ამ ექვსი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვერ გაკეთდა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა გაკეთებულის და სარგებლის თითოეულ მოქალაქემდე ბოლომდე მიტანა“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.
მისივე თქმით, ბევრი ანალიზი არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ დაუყოვნებლივ არის გასატარებელი მასშტაბური და სისტემატური ცვლილებები. „დაუყოვნებლივ საჭიროა სრულფასოვანი კომუნიკაციის აღდგენა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქესთან. დაუყოვნებლივ გასასწორებელია ყველა ხარვეზი ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად. გასამართია საკადრო პოლიტიკა, პარტიული მართვის სისტემა და მართვის ვერტიკალი.
ვიმეორებ, ეს ყველაფერი გასაგებია! მისაღებია! საჭიროა! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მოხდება. დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ხალხის ხმა გაგებულია! ამოცანაც და პრობლემაც ნათელია და გასაგები!
დარწმუნებული ვარ!
მაგრამ დღეს, აი ამ წუთას კვლავ დაეკიდა დამოკლეს მახვილივით ჩვენს სამშობლოს რევანშიზმის, ბოროტების, ტოტალიტარიზმის, განუკითხაობის, შურისძიების საფრთხე! მაგრამ დღეს, აი ამ წუთას აშკარად მოჩანს განსაცდელის ჩრდილი - არის შანსი, რომ დაიკარგოს 2012 წლის უმთავრესი მონაპოვარი - თავისუფლება, დემოკრატია, სიმშვიდე, სწრაფვა ევროპისაკენ!
გული ბრაზით მევსება, როდესაც ვაანალიზებ რომ „ქართული ოცნების“, საქართველოს მოქალაქეების შეუქცევადი მიღწევებით ისარგებლეს სწორედ რომ პოლიტიკანობაში გაწვრთნილმა მედროვეებმა. ისარგებლეს და რევანშის სურვილიც გაუჩნდათ!
ეს არ გამოუვათ! არ გამოუვათ, რადგან ისტორია ჯერ არავის მოუბრუნებია უკან! არ გამოუვათ, ვინაიდან ერთ დინებაში ორჯერ შესვლა კაცობრიობის ისტორიაში ვერავინ მოახერხა!
უშეცდომო არავინაა. მით უმეტეს ის, ვინც საქმის კეთებას ცდილობს. დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომები. ზოგი ძალიან მძიმეც. მაგრამ სხვის შეცდომებზე დაყრდნობით ბოროტი ძალა ვერ იზეიმებს.
დღეს, როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი ხელისუფლებას, რომ შეცდომები სწრაფად, არა, უსწრაფესად გაიაზროს და გამოასწოროს!
უნდა დავირაზმოთ, რადგან გადასარჩენია მოპოვებული თავისუფლება და საქართველოს ნათელი მომავალი!
მე, თედო ჯაფარიძე, დღეს აღარც აქტიურ პოლიტიკაში ვარ და აღარც აქტიურ დიპლომატიაში. არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ მიკავია. დღეს მე ანაკლიის პორტის პროექტის საგარეო უზრუნველყოფით ვარ დაკავებული, ჩემ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად TBC ჯგუფიდან. ჩემთვის, პიროვნულად არ იყო ადვილი სახელმწიფოს სამსახურიდან კერძო სექტორში გადასვლა. არ იყო ადვილი იმ საქმის მიტოვება, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შევწირე... ადამიანურად გულნატკენიც კი ვარ, მაგრამ დღეს არავითარ შემთხვევაში არ არის გულის ტკენის დრო! სხვათა შორის, არც „დიპლომატიური პოსტების“ დაკავების და/ან კიდევ „ერთჯერად კონტრაქტებზე“ ვაჭრობის გამართვის დრო არ არის! დღეს მთავარია ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ! ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე, მათ ნორმალურ მომავალზე ვიფიქროთ! ქვეყანაზე ვიფიქროთ!
მთავარია არ გავახაროთ პატარა საქართველოს მტერი!
ეს ბოლო დღეებია სულ მახსენდება იულიუს ფუჩიკის გენიალური სიტყვები - ადამიანებო, იყავით ფხიზლად!
თედო ჯაფარიძე“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე, რომლის წერილსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.