გია ხუხაშვილი ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე - ამ ტიპის რეაგირებას სჯობდა, საერთოდ არ მოეხდინათ რეაგირება - იმდენად უხარისხოდ შეფუთეს, რომ ამან ტრაგიკომიკური სახე მიიღო

ქართული პოლიტიკა ისევ დატრიალდა მიშა სააკაშვილის ირგვლივ და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა უკანა პლანზე გადაიწია; ისევ მიშა სააკაშვილი აღმოჩნდა პროცესების ცენტრში, რასაც ვულოცავ „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ყველა ის ნაბიჯი, რასაც მმართველი ძალა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დგამს, უკვე დაგვიანებულია.

„გასაგებია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს, მაგრამ პირველი ტურის წინ ამ სვლებს აზრი ექნებოდა, დღეს ამ ყველაფრის ეფექტი დიდწილად დაკარგულია. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, მაგრამ პირველსა და მეორე ტურს შორის ეს ქმედებები ძალიან მიამიტ ადამიანებზე მოქმედებს. აქტიურ, პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებში ეს იწვევს გაღიზიანებას, მით უმეტეს, რომ ეს ნაბიჯები საკმაოდ უხარისხოა. იმ სახით, როგორც განვითარდა ფარცხალაძის ირგვლივ პროცესები, ამ სახით უკუშედეგი მიიღეს. ამ ტიპის რეაგირებას საერთოდ სჯობდა, რეაგირება არ მოეხდინათ. როდესაც საუბარია ძველი აქტივის დაბრუნებაზე და ამის საპასუხოდ მხოლოდ მოჭიდავეებს ვუყურებთ, ვფიქრობ, საქმე ნეგატივში მეტად მიდის, ვიდრე პოზიტივში. მე არ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას რაღაცის შეცვლის სურვილი არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს უხარისხოდ და თანაც დაგვიანებით, რასაც ჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინა.

ხელისუფლების მხრიდან ხარისხიანი ნაბიჯი იქნებოდა მოსახლეობაში დაგროვებულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა პირველი ტურის წინ, არჩევნების დაწყებამდე. პირველსა და მეორე ტურს შორის ქმედებები დამაჯერებლობას მოკლებულია. მეორე ტურის ბედი უნდა გადაწყვიტოს ლატენტურმა მიშიზმმა და ლატენტურმა ანტიმიშიზმმა. ანუ ხელისუფლება ცდილობს გამოაღვიძოს დაფარული ანტიმიშიზმი და ამ ხალხის ფონზე მოიგოს არჩევნები. ეს რომ გააღვიძოს ამ ტიპის ქმედებები მისგან დამაჯერებელი არ არის. ეს ყველაფერი დიდწილად წყალში გადაყრილი შრომა გამოვა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხის წამოწევას, ხუხაშვილი ამბობს, რომ საქმე იმდენად უხარისხოდ შეფუთეს, ტრაგიკომიკური სახე მიიღო.

„პროკურატურა თვითონ განიხილავს ამას არაორდინალურ საკითხად, რადგან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩხუბის გამო, როგორც ამას ამტკიცებენ, თურმე ჩამოუყვანიათ და ჩაურევიათ საქმეში უცხოელი სპეციალისტები. ეს ხომ სასაცილოა?! იმდენად უხარისხოდ შეფუთეს, რომ ტრაგიკომიკური სახე მიიღო ამ ყველაფერმა. საქმის კვალიფიკაცია მეტყველებს იმაზე, რომ ეს არადამაჯერებელია. შეხლა-შემოხლაში კი არ არის აქ დანაშაული, დანაშაული არის სახელმწიფოს ნებაზე ზეგავლენის მოხდენაში, რაც უკვე მძიმე კატეგორიაში გადადის. ფაქტია, რომ გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

ფაქტობრივად, ქართული პოლიტიკა ისევ დატრიალდა მიშა სააკაშვილის ირგვლივ და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა უკანა პლანზე გადაიწია. ის აღარ არის დღეს გადამწყვეტი, ფრონტის ხაზი გადის მიშიზმსა და ანტიმიშიზმს შორის. ისევ მიშა სააკაშვილი აღმოჩნდა პროცესების ცენტრში, რასაც ვულოცავ „ქართულ ოცნებას“, ეს მათი დამსახურებაა, რომ მოახერხეს არა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირება, არამედ, ფაქტობრივად, მათ გამოაცხადეს რეფერენდუმი - სად არის მიშა სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში, რაც სრული აბსურდია და მათ სისუსტეზე მოქმედებს“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა