გედევან ფოფხაძე - საზოგადოებას არ უნდა შეექმნას განცდა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება არ ხდება და რაღაც პოლიტიკური ფაქტორები ამას ხელს უშლის

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - საზოგადოებას არ უნდა შეექმნას განცდა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება არ ხდება და რაღაც პოლიტიკური ფაქტორები ამას ხელს უშლის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ფოფხაძის თქმით, სადავო არ არის, რომ ყოფილ გენერალურ აუდიტორთან ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ინციდენტი სისხლის სამართლის ნიშნების შემცველია.

“დანარჩენი მართლმსაჯულებამ უნდა დაამტკიცოს. ოთარ ფარცხალაძის მიმართ გარკვეული საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა, რაც უნდა გაბათილდეს არა მარტო არგუმენტებით, არამედ მოცემულობითაც. როცა მუსირებს აზრი, რომ ის არაფორმალურად ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციების საქმიანობაში ერევა, როგორიც არის პროკურატურა და მით უმეტეს სასამართლო, ასეთ ვითარებაში საჭიროა რეაგირება. პოლიტიკური ნება უნდა გამოაშკარავდეს, რომ ასეთ ინსტიტუტებს მართლა არ შეექმნას ილუზია, რომ ასეთ ადამიანს მართლაც შეუძლია არაფორმალური ზეგავლენის მოხდენა. პროკურატურამ და სასამართლომაც უნდა იცოდეს, რომ თუკი არის ასეთი არაფორმალური გავლენის მოხდენის მცდელობა, ეს არის უკანონო, დაუშვებელი და მიუღებელი. არ შეიძლება ქვეყანაში ვინმეს დაუსჯელობის განცდა ჰქონდეს - ეს არის დაუშვებელი! საზოგადოებას არ უნდა შეექმნას განცდა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება არ ხდება და რაღაც პოლიტიკური ფაქტორები ამას ხელს უშლის. სამართლებრივი ნიჰილიზმის ატმოსფერო საზოგადოებას ანგრევს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ყოფილ მთავარ პროკურატურს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ El Centro-ში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა იმჟამინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სცემეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად თორდიამ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად სცნო.

ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა