ლადო პაპავა - ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

პოლიტიკური ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში არის შეცდომა. ეს დაუშვებელია, - ასე გამოეხმაურა პროფესორი ლადო პაპავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გამყარებასა და საკითხის მოგვარებაში პარლამენტი იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ლადო პაპავა პოლიტიკოსებს ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მიმართულია პირდაპირ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევისკენ. ამასთან აცხადებს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თავად ეროვნული ბანკის პოლიტიკა.

„პოლიტიკური ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში არის შეცდომა. ეს დაუშვებელია. ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და ამას განსაზღვრავს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევდი, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მიმართულია პირდაპირ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევისკენ.

მეორე მხრივ გეტყვით, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თვითონ ეროვნული ბანკის საქმიანობა. დღეს მოძველებულია მონეტარული პოლიტიკის აგება ინფლაციის თარგეთირებაზე ანუ მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ მაჩვენებლად წარმოდგენაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი ავტომობილს მართავს, მხოლოდ სიჩქარეს არ უყურებს, არამედ აკონტროლებს საწვავის ავზში არსებულ ვითარებასაც

ანუ მძღოლი რამდენიმე პარამეტრს უყურებს. ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ავტომობილის მართვა უფრო მარტივი პროცესია და მიუხედავად ამისა სულ 2 პარამეტრს მაინც უნდა ვუყუროთ. ახლა წარმოიდგინეთ ეროვნული ბანკი უყურებს მხოლოდ ინფლაციას. ეს აბსოლუტურად არ არის სწორი. უფრო მეტიც, ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცმა მარტივად აჩვენა, რომ ქვეყნებში რომლებიც დამოკიდებული არიან იმპორტზე, სადაც იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს, ინფლაციის ტარგეტირების მექანიზმი არ მუშაობს.

ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის მიდგომები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით არის პრიმიტიული. ამაში მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ დავადანაშაულებ, რადგან ეს პრიმიტივიზმი მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მაგრამ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონდეს კომპეტენცია და გამბედაობა, დაუმტკიცოს, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე ჩაციკვლა მხოლოდ ინფლაციის მაჩვნებლებზე,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

პროფესორი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება. მისივე თქმით, ამას ადასტურებს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება.

„ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გააკეთოს განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ის იგვიანებს და არ არის ადექვატური. არასწორი განცხადებები რა თქმა უნდა, აზიანებს ლარის კურსს. რაც შეეხება არჩევნებს, რა თქმა უნდა, არჩევნები ის პერიოდია, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, ხოლო ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ამის მაგალითია ჩვენი მეზობლები. ამ კუთხით განსხვავებული არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ არ მინდა სიტუაციით ისარგებლოს ორმა მსხვილმა ბანკმა, რომლებიც ხანდახან აქეთ კარნახობენ ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ისე ეროვნულ ბანკთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა