აკაკი ცომაია სებ-ის მიერ 10 მლნ დოლარის შეძენაზე - მოცემულ მომენტში ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარის შესყიდვას უარყოფითად ვაფასებ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ლარის გაუფასურება შეწყდა, მაგრამ ეს არ აძლევს ეროვნულ ბანკს საფუძველს, რომ დროის ამ მომენტში ასეთი პროვოკაციული ქმედება განახორციელოს.

„ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს ძალიან უარყოფითად ვაფასებ. ეს არ იყო ხელსაყრელი პერიოდი იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსება დაეწყო. გასაგებია, რომ დაახლოებით 59 მილიონ დოლარამდე რეზერვი აქვთ დახარჯული ამ წელს და ამ თანხის დაბრუნება სურთ. გასაგებია, რომ გუშინ ლარის გაუფასურების მყისიერი ტრენდი შეწყდა, მაგრამ ეს არ აძლევს ეროვნულ ბანკს საფუძველს, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედება განახორციელოს დროის ამ მომენტში. მას შეუძლია ეს სხვა დროსაც გააკეთოს, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეისთვის ჩვენ საკმარისი რაოდენობის რეზერვები გვაქვს და სიტუაცია საგანგაშო არ არის“, - განაცხადა ცომაიამ.

ექსპერტის თქმით, მოცემულ მომენტში ასეთი ქმედების განხორციელების აუცილებლობა არ იყო და, მეტიც, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა.

„ეროვნული ბანკი არის საკმაოდ მჭიდრო კავშირში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და, შესაძლოა, სავალუტო ფონდმა მისცა მინიშნება, რომ ეროვნულ ბანკს აქვს კიდევ დამატებით შესავსები ეს რეზერვები. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ მიზანმიმართულად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეროვნული ბანკი ამას არ გააკეთებდა. თუმცა ასეთ მინიშნებაზე ასეთი მყისიერი მოქმედება, ჩემი აზრით, არარაციონალურია“, - აღნიშნა ცომაიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა