გენადი არველაძე - თუ საზოგადოებაში იქნება კონსენსუსი, მზად ვართ კანონპროექტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ პარლამენტში განსახილველად წარვადგინოთ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანტიდემპინგური კანონპროექტის საჭიროების საკითხები განიხილეს, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი, რომელმაც მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოში არმატურის წარმოების განვითარებას ხელს უშლის უცხო ქვეყნიდან იმპორტირებული არმატურა, რომელიც, ნუგზარ კაჩუხაშვილის შეფასებით, დემპინგურ ფასებში იყიდება. სწორედ დემპინგის შეფასების კრიტერიუმებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების საჭიროების საკითხი გახდა დეპუტატების, მთავრობის წევრების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მსჯელობის მთავარი საგანი, რომელიც, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ყველა მხარის ჩართულობით კვლავ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც გენადი არველაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ თავის დროზე მომზადებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ და მთავრობას აქვს მზადყოფნა, რომ თუ კონსენსუსი შედგება და იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება, კანონპროექტი განხილვისთვის წარდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში.

„კანონპროექტის ინიცირებამდე ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს პროცესში და საზოგადოებაში არსებობდეს კონსენსუსი, არის თუ არა რეალურად ეს კანონი საჭირო ქვეყანაში. თუ ასეთი დაკვეთა მოდის საზოგადოებიდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოვახდინოთ აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

არველაძის თქმით, დღეს მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას დაზუსტებით თქვას, ხდება თუ არა დემპინგურ ფასებში რომელიმე იმპორტირებული, ან ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის გაყიდვა, რადგან არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 15 ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს კონტროლს უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების კუთხით. პირველ ეტაპზე, რეგულაცია გავრცელდება ოთხი სახის სამშენებლო პროდუქტზე, ესენია: არმატურა, ცემენტი, პლასტმასის მილები და ელექტროკაბელები. ამ პროდუქციაზე საბაჟო კონტროლი იქნება იმპორტის კუთხით, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ მოხდება ზემოთ ხსენებული ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქტის სახეობების კონტროლი და ზედამხედველობა, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ კვლევებს, ევროსტანდარტებთან შესაბამისობას და ა.შ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა