შეწყალების შემთხვევაშიც, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, შეწყალების შემთხვევაშიც, ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. კერძოდ, სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-ს იურისტმა რევაზ აჭარაძემ განუცხადა, იქამდე, ვიდრე პირის მიმართ განაჩენი არ დადგება და მსჯავრდებულის სტატუსი არ ექნება, მისი შეწყალება შეუძლებელია. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის მიმართ 2 საქმეზე განაჩენია დამდგარი, ხოლო 2 საქმეზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

„რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეტაპზეა საქმის განხილვა - აპელაციაში თუ უზენაესში, რადგან პირველივე ინსტანციის განაჩენის შემდეგ, პიროვნება ითვლება მსჯავრდებულად. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული. შესაბამისად, პრეზიდენტს რაიმე შეზღუდვა იმის, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული, მიუხედავად იმისა, მისი საქმე უზენაესშია თუ აპელაციაში, არ აქვს. რაც შეეხება სხვა საქმეს, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, იმ საქმეებში პიროვნება ითვლება ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად. როდესაც პირი ითვლება ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად ანუ სანამ პირველი ინსტანციის განაჩენი არ არის დამდგარი, პრეზიდენტს ბრალდებულის შეწყალების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ნაწილში გაგრძელდება საქმე. შესაბამისად, თუ პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე იქნება დაკავებული“, - განაცხადა აჭარაძემ.

სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შემდეგ 2 საქმეზე აქვს შეფარდებული: ტელეიმედის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმე. სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, ვალერი გელაშვილის ცემის საქმის განხილვა კი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულის შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს.

იხილეთ ვიდეო: შეწყალების შემთხვევაშიც, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო