მიხეილ ბენიძე - ზურაბიშვილის და „ოცნების“ საარჩევნო კამპანია კაზუისტიკური შემთხვევაა - ქალი კანდიდატი ჩანაცვლდა კაცი პოლიტიკოსებით, რაც ცუდი გზავნილია

სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია კაზუისტიკური შემთხვევაა და გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო გარემოსთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ბანერებზე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სურათის განთავსებაზე განუცხადა. მისი თქმით, თუ ამაზე იხარჯება პარტიული თანხები, ცხადია, ეს წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას.

„ზოგადად, არაორდინალურ საარჩევნო კამპანიასთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრი მიმართულებით, რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობებს აქვს ადგილი. მათ შორის, დღეს რასაც ვხედავთ ბანერებთან დაკავშირებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს - პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ეს თუ პარტიის თავმჯდომარე, არ ეკრძალებათ კამპანიაში მონაწილეობა, მათ შორის სიტყვიერი მხარდაჭერა. თუმცა, დღეს რაც ვნახეთ, რომ ეს ადამიანები ბილბორდებზე არიან გამოსახულები, როგორც მინიმუმ ძალიან უცნაური და საეჭვო პრაქტიკაა. თუ ამაზე იხარჯება პარტიული თანხები, ცხადია, ეს წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას. თუმცა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს ხარჯები გაწეული იქნება სალომე ზურაბიშვილის კამპანიის მხრიდან და ფორმალურად კანონის დარღვევას ადგილი არ ექნება. თუმცა, უცნაური კამპანიაა, როდესაც კანდიდატის ბილბორდები და კანდიდატის მასალები ჩაანაცვლეს სხვა პოლიტიკოსების ბილბორდებით და გამოსახულებებით. ეს უცნაურია იმ ფონზეც, როდესაც ქალ კანდიდატზე კეთდება აქცენტი. ქალი კანდიდატი ჩანაცვლდა კაცი პოლიტიკოსებით, რაც ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის საქართველოს მოსახლეობას და იმ ქალებს, რომლებსაც შესაძლოა სურდეთ პოლიტიკური საქმიანობა. ეს არის მესიჯი, რომ ისინი მამაკაცების გარეშე ვერ მოახერხებენ პოლიტიკაში საკუთარი თავის რეალიზებას. ზღვარი მოშლილია დამოუკიდებელ კანდიდატსა და მმართველ პარტიას შორის. ზურაბიშვილი დარეგისტრირებულია როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ დღეს საზოგადოებაში აღქმა დამოუკიდებლობის ხარისხის ძალიან დაბალია. ეს თავის მხრივ, ძალიან კაზუისტიკური შემთხვევაა რასაც ვხედავთ და გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო გარემოსთვის“, - განაცხადა ბენიძემ.

თბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის ნა­წილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფოტო გა­მოჩ­ნდა, სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი კი არის - "პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი". ბა­ნე­რებ­ზე ასე­ვე წე­რია ფრა­ზა - "ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან