საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მისი ოთხშაბათს დანიშვნა არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს შეცდომა მეც დავუშვი და მერე იქვე გავასწორე, მაშინ ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეებში დანიშვნას არ ითვალისწინებს. ამასთან, ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება აპირებს, კერძო სექტორს მოუწოდოს, რომ თანამშრომლები ხმის მისაცემად არ გაუშვას.
„28 ნოემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა თქმა უნდა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რადგან მასში ნათლად წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება, მხოლოდ კვირა დღეს ტარდებოდეს.
საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მისი ოთხშაბათს დანიშვნა არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს შეცდომა მეც დავუშვი და მერე იქვე გავასწორე, მაშინ ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული. რატომ დანიშნა მან საპრეზიდენტო არჩევნები ოთხშაბათს?! ძალიან მარტივი მიზეზების გამო, არის პანიკაში, ისტერიკაში, იცის, რომ არჩევნებს კატასტროფულად აგებს. უკვე ნახეთ, დამოუკიდებელი კანდიდატიო, ამბობდა და ახლა „პლაკატებზე“ თავისი და კობახიძის სახეები გამოაკრა. მათ იმედი აქვთ, რომ სამსახურებიდან ხალხს ორგანიზებულად მიიყვანენ და კერძო ბიზნესებს ეტყვიან, რომ თავიანთი თანამშრომლები არ გაუშვან, ჩვენი თანამშრომლები უცხოეთში გამოსასვლელ დღეს ხმას ვერ მისცემენ, კომისიის წევრებიც კი ვერ მივლენ, არადა უცხოეთში ორი ერთზე წააგეს, სადაც ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა არ ვრცელდებოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ბიზნეს სექტორს მიმართა, რომ თანამშრომლები არჩევნების დღეს ხმის მისაცემად სამუშაო საათებში გაათავისუფლოს.
„მე მინდა, ბიზნესის მფლობელებს მივმართო, თქვენი თანამშრომლები ოთხშაბათს ხმის მისაცემად გაუშვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. გატყუებთ მთავრობა, რომელიც გეუბნებათ: „ჩვენ მაინც დავრჩებით, მერე რა, რომ ვაშაძეს აირჩევთ, მერე ჩვენს ხელში იქნებით“. როგორც კი ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებენ, ამის კვალდაკვალ საქართველოში კოალიციური, სახალხო მასშტაბით აღჭურვილი მთავრობა მოვა. ამიტომ, ესენი არიან წამსვლელები და მათი ნუ შეგეშინდებათ, ხომ ხედავთ, რა პანიკასა და ისტერიკაში არიან“, - აღნიშნა მან.
ექს-პრეზიდენტმა მოქალაქეებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ.