სამხედრო პოლიციის ოცეული გადამზადებას გადის

ნატო-ს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონთან თავსებადობის ამაღლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სამხედრო პოლიციის ოცეული გადამზადებას გადის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეულმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, პირველი საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება გამართა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ქვედანაყოფის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ჩატარდა.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. გენერალმა სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. პოლონელ ინსტრუქტორებს კი, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
სწავლების სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ოცეულმა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ლოგისტიკური ტვირთის მაქსიმალურად უსაფრთხო გადაადგილებისა და დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების მიზნით, უსაფრთხოების ოპერაცია ჩაატარა. ქვედანაყოფმა ლოგისტიკური მარაგები დაცვის ქვეშ აიყვანა და რეგულირების პუნქტების გავლით წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე კონვოირება განახორციელა. პირობითი მოწინააღმდეგის მიერ მოხდა ჩასაფრება. სამხედრო პოლიციის ოცეულმა კონტაქტზე რეაგირების შემდეგ, 360-გრადუსიანი უსაფრთხოების ზონა დაიკავა და მოიერიშე ქვედანაყოფის უსაფრთხო გადაადგილებისა და შენობაში შესვლის მხარდასაჭერად, საცეცხლე მხარდაჭერა უზრუნველყო. მოიერიშე ქვედანაყოფმა შენობის წმენდა მოახდინა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. შენობის გაწმენდის შემდეგ, სამხედრო პოლიციის ოცეულმა ტაქტიკურად გადაჯგუფდა და დანიშნულების წერტილისაკენ გადაადგილდა. საველე სიტუაციური საჩვენებელი სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეულის გადამზადება პოლონელი ინსტრუქტორების მიერ თერთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხედრო პოლიციის ოცეულის პირადმა შემადგენლობამ გადამზადება ოპერაციების დაგეგმვაში, კონვოირებისა და პატრულის ოპერაციებში, დანაშაულის ადგილას წინასწარი დათვალიერებისა და ტერიტორიის დაცვის, ასევე საცეცხლე მომზადებაში, ტაქტიკურ საკონტროლო პუნქტების მოწყობასა და მასზე მოქმედებაში, კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციებში გაიარა.
სწავლების მიზანი სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონთან თავსებადობა, საბრძოლო მოქმედებების დახვეწა, ასევე პოლონური ტაქტიკის განმასხვავებელი ნიშნების ათვისება და შესწავლა იყო.

























