მამუკა ბახტაძე - ამერიკელი ხალხი გვერდში გვიდგას იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენს წინაშეა დამოუკიდებლობის, ევროპულ ოჯახსა და ნატო-ში  ინტეგრაციის გზაზე

1991 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა; მას შემდეგ ამერიკელი ხალხი განუხრელად გვიდგას გვერდში იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას დამოუკიდებლობის, ევროპულ ოჯახსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამერიკის სავაჭრო პალატის როლს ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებაში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წელი აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით გარდამტეხი იქნება.

„ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები ერაყსა და ავღანეთში ებრძვიან კაცობრიობის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევას - საერთაშორისო ტერორიზმს. რასაკვირველია, ადამიანთა შორის ურთიერთობები უმთავრესია, ხოლო ბიზნესებს შორის ურთიერთობების კომპონენტი, როგორც ადამიანთა კონტაქტების შემადგენელი ნაწილი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს. რა თქმა უნდა, ამერიკის სავაჭრო პალატა ყოველთვის იყო ამ წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა. მეგობრებო, თქვენ უკვე 20 წელი შეგისრულდათ. გილოცავთ! ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეგობრობის ახალ თავს ვიწყებთ. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ ახალ თავს ჩვენ დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, 2019 წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოს ერთგული მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრს აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგლიმ უმასპინძლა. საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო: თბილისში აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა