პროკურატურამ  სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლო ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას ეხება, გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება",- აცხადებენ პროკურატურაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა