ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციაში ასევე, იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში ვიზიტი ბუნდესვერის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობით დაიწყება, სადაც დელეგაცია ბუნდესვერის განათლების სისტემის შესახებ დაგეგმილ ბრიფინგს დაესწრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანულ მხარესთან შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში გაიმართება. საქართველოს დელეგაციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსი, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და კანცლერის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში უმასპინძლებენ.
საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიაში პირველად მოეწერება ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ნატოს 2014 და 2016 წლების სამიტების გადაწყვეტილებებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში და განსაზღვრავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
27 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს. დღის მეორე ნახევარში ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემიაში გაგრძელდება, სადაც მინისტრი ქართველ სტუდენტებს შეხვდება, გერმანული მხარე კი, წარმოადგენს პრეზენტაციას Mission Command-ის გერმანულ მოდელზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 27 ნოემბერს დასრულდება.

























