ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები ორშაბათს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ორშაბათს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა, 26 ნოემბერს, ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება - ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალიზე”.
მიქელაძის ინფორმაციით, ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე. „ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია 752 სამხედრო მოსამსახურე, მეორეზე - 144. სულ არის ორი საარჩევნო უბანი - ბაგრამის და მაზარი შარიფის. ხვალ, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება ბაზები და 08:00 საათიდან ჯარისკაცებს ექნებათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ბაზაზე როცა ყველა ჯარისკაცი დააფიქსირებს არჩევანს, ასევე გადასატანი ყუთის ამომრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას, პროცესი დასრულდება, თუმცა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია. ერთ უბანზე პარტიამ, ხოლო მეორე უბანზე ოლქმა არ დანიშნა კომისიის წევრი. გარდა ამისა, ამ უბნებზე არ არიან დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს გაიმართება.

























