„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები: კერძოდ, #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უცნობი პირის მხრიდან განხორციელდა სროლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. ამ უკანასკნელთა განცხადებით, უბანზე გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ და მათ არ მისცეს შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლი. დაპირისპირება მოხდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის. ადგილზე გამოსული იყო ოპოზიციის მხარდამჭერი მოსახლეობა. გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

„დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, კერძოდ, #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლება არ მისცეს. #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლება შეეზღუდა. დამკვირვებელი აპირებდა საჩივრის წარდგენას აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა მისი საჩივარი არ დაარეგისტრირეს.

შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებული დარღვევები, #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნისა და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში არ იყო მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე და #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმები არ იყო დამოწმებული კომისიის ბეჭდით. #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ იყო მითითებული შედგენის დრო. #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ იყო მითითებული შედგენის თარიღი და დრო. #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მითითებული იყო შედგენის თარიღი და დრო, ხოლო დამკვირვებლისთვის მიცემულ ოქმის ასლში არა. #25 წალკის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის ასლი დამკვირვებელს მდივნის ხელმოწერის გარეშე გადასცეს. #61 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ასლი ბეჭდით არ დამოწმდა.

ბიულეტენების რაოდენობა მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე - #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო ხელმოწერების რაოდენობაზე. #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ორით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას.

მთვლელების გამოსავლენი წილისყრის წესის დარღვევა - #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე მთვლელების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობა მიაღებინეს და პირველი მთვლელის ფუნქცია მიანიჭეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს.

ბიულეტენებთან დაკავშირებული ხარვეზები - #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #76 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას გამოვლინდა 20 ბიულეტენი, რომელსაც 65-ე უბნის ნომერი ეწერა. #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ბიულეტენი, რომელშიც გადახაზული იყო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მის სასარგებლოდ ჩათვალეს.

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის კომისიის ბეჭედი დალუქვის გარეშე წარადგინეს საოლქო საარჩევნო კომისიაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა