ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად შესაძლოა, ლაშა ჟვანია ან ბიძინა გიორგობიანი დაინიშნოს

ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ ან სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა დაიკავონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სწორედ ჟვანიას და გიორგობიანის კანდიდატურებს განიხილავს.

როგორც ბიძინა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას ასეთი შემოთავაზება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას სალომე ზურაბიშვილის გუნდში ყოფნას შესთავაზებენ, კონსულტაციებს გაივლის.

"ასეთი შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა თუ იქნება, კონსულტაციებს გავივლი. მე სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიყავი თავიდანვე და მის გვერდით ვიქნები ბოლომდე," - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის დაკომპლექტება დაიწყო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი საარჩევნო შტაბიდან რამდენიმე პირის გადაყვანას გეგმავს.

როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, იმ პირებს შორის, რომელთაც არჩეული პრეზიდენტი საკუთარ გუნდში მოიაზრებს, არიან: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი სიმონ პეტრედისი. აღნიშნული პირები საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდნენ, მათ შორის უშუალოდ კახა სამხარაძე რამდენიმე თვის განმავლობაში შტაბს ხელმძღვანელობდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი კახა სამხარაძისთვის რეგიონების მცხოვრებლებთან ურთიერთობის მიმართულების, სიმონ პედრედისისთვის კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის საკითხების ჩაბარებას გეგმავს.

როგორც აღნიშნულმა პირებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისგან მათ შემოთავაზება ჯერ არ მიუღიათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში, ეს საკითხი არა მან, არამედ პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს.

„თქვენ იცით, რომ ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი. ამიტომ ასეთი რამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს, ალბათ, უფრო პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. როდესაც მისმა უწმინდესობამ 2010 წელს დამნიშნა თავისი ფონდის ხელმძღვანელად, მაშინ ვთქვი, რომ არც ჩემი ნებით დავნიშნულვარ და ჩემი ნებითაც არ წავალ. ეს მისი უწმინდესობის გადასაწყვეტია,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე კი აცხადებს, რომ შემოთავაზება ოფიციალურად ჯერ არ ყოფილა და ამაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

რაც შეეხება სიმონ პეტრედისს, მისი თქმით, იგი სალომე ზურაბიშვილის მეგობარია და სადაც დასჭირდება, იქ დაეხმარება.

„ჩემთვის არ უთქვამს თვითონ სალომეს არაფერი და ვნახოთ. მე სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ და რაც იქნება ვნახოთ. მე ვმეგობრობ სალომესთან და სადაც დავჭირდები, რა თქმა უნდა, იქ მივეხმარები,“ - განაცხადა სიმონ პეტრედისმა.

იხილეთ ვიდეო: 2 კანდიდატი, რომელიც ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე განიხილება - კიდევ ვინ მოიაზრება ახალი პრეზიდენტის გუნდში?

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის