„საპარტნიორო ფონდი“ - ჩინეთში ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტი იზრდება

საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმში იღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ფორუმს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია, 500-მდე მულტინაციონალური კომპანია და 3000-მე დელეგატი ესწრება.

„ქართული დელეგაცია საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან.

„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 15-მდე ქართული კომპანია ფორუმის ფარგლებში მიმდინარე გამოფენაში იღებს მონაწილეობას. სპეციალურად საქართველოსთვის მოწყობილ პავილიონში ქართული ჩაი, თხილი, ზეითუნის ზეთი, მინერალური წყლები, ქართული ვისკი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებია წარმოდგენილი.

„ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ჩინეთის მილიარდნახევრიანი ბაზრის კარი ეხსნებათ. ქართული ნატურალური პროდუქტების მიმართ ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებისთვის აღნიშნული ფორუმი კი აბრეშუმის გზის მარშრუტზე გაერთიანებულ ქვეყნებს შორის ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის. ფორუმის მთავარი მიზანი, სწორედ ერთობლივი განვითარებისთვის ახალი გზების ძიება და გამოცდილების გაზიარებაა“, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიზნეს-ფორუმი ძიანგსის პროვინციის მმართველი პარტიის ლიდერმა გახსნა. თავის სიტყვაში საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ტრანსნაციონალური მნიშვნელობის ჰაბისა და „აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის შესახებ ისაუბრა. „საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია“,- აღნიშნა ლიუ ციმ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ოფიციალურმა დელეგაციამ ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო მწვანე ფინანსების სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.

“საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, დავით საგანელიძემ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საინვესტიციო გარემო, ასევე, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები გააცნო. ქართულ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ლიუ ციმ მთავრობის სასახლეში მოუწყო.

„მხარეებმა საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების პროცესზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ქართული დელეგაციის წევრებმა ძიანგსის პროვინციის სამშენებლო ინდუსტრიული ზონა, მაღალტექნოლოგიური ზონის მართვის კომიტეტი და ქართული კულტურისა და ღვინის სახლი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საექსპორტო სამკერვალო ქურთუკების წარმოების ზონის დათვალიერება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს