აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას „მორიგ პროვოკაციას“ უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რომელმაც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, როგორც მორიგ პროვოკაციას აფასებს, რომელიც დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში. ევროპელი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაზეა მიმართული, რომელმაც გენოციდის არაერთი აქტი და შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების ყოფნა მკაცრად რეგლამენტირებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით“.

„ასევე გვსურს შევახსენოთ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას საბოლოო და შეუქცევადი ხასიათი აქვს. საქართველო-ნატო-ს ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას დამატებით საფრთხეს უქმნის“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს