„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მაია სილაგაძემ განაცხადა, ნუგზარ ჯანჯღავას ყოველთვიურად 13 000 ლარს უხდიდნენ, რათა აღნიშნული თანხა გადაეცა გია თვალავაძისათვის, რომელსაც ფარამაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.

პროკურატურამ ჯანჯღავასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ლალი აფციაურმა ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შაუმდგომლობა დააყენა.

ადვოკატმა სასამართლოში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც მას გულის პრობლემები და შაქრიანი დიაბეტი აქვს.

პროკურორი კი აცხადებდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. მისივე განმარტებით, ჯანჯღავას სხვა სახელმწიფოში მიმალვის საშუალება აქვს, რადგან ის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა.

სუს-ის ინფორმაციით, თბილისსა და გორში აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

სუს-მა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნუგზარ ჯანჯღავას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

იხილეთ ვიდეო: "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმე - სასამართლო "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა