ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, მრავალმილიონიანი ორგანიზაციის მეოთხე მსოფლიო კონგრესმა ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

მათი ინფორმაციით, კონგრესი დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს და მას 164 ქვეყნის 1500 წარმომადგენელი ესწრება.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მმართველ გუნდს მსოფლიო კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევს. პეტრიაშვილი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი თანამდებობა შეთავსებადია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობასა და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტობასთან.

„ასეთი მხარდაჭერა მითუმეტეს ასეთი რანგის თანამდებობაზე ამ დრომდე საქართველოს არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონია. კოპენჰაგენის კონგრესზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის და საქართველოს პროფკავშირების წარმატება არის ნათელი დასტური მისი საერთაშორისო აღიარების, ორგანიზაციის დემოკრატიულობის და ბრძოლისუნარიანობის. პეტრიაშვილის არჩევით ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ლობი, დასაქმებულებს კი მსოფლიო დონის ინტერესების დამცველი ეყოლება.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია 2006 წელს დაფუძნდა და დამფუძნებელთა შორის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და ირაკლი პეტრიაშვილი იყვნენ.

დღეისათვის მასში წარმოდგენილია 163 ქვეყნის 331 პროფკავშირი 207 მილიონი წევრით, მათ შორისაა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. ამ დროისთვის წევრთა ზრდისკენ პროგრესირებს.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი პროფკავშირული ორგანიზაციაა, მისი ძირითადი მისიაა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები და წინ წამოწიოს მათი ინტერესები - პროფკავშირულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, გლობალური კამპანიების წარმოების და წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებში ადვოკატირების გზით.

საქმიანობის ძირითადი სფეროებია პროფკავშირის და ადამიანის უფლებები; ეკონომიკა, საზოგადოება და სამუშაო ადგილი; თანასწორობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; საერთაშორისო სოლიდარობა;

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია პროფკავშირების დემოკრატიის და დამოუკიდებლობის პრინციპების ერთგულია.

მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მთავარი პარტნიორია გაერო-ს არაერთი სპეციალიზებული სააგენტოსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა