ამირან სალუქვაძე - ნატოს ბოლო მინისტერიალმა, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებმა დაგვანახა, რომ, საქართველო პოლიტიკური რუკიდან არ გამქრალა

საერთაშორისო ასპარეზზე და უსაფრთხოების საკითხებში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე პროცესებზე, იმაზე თუ რაგორ აისახება ისინი საქართველოს უსაფრთხოებაზე, ასევე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ანალიტიკოსს სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, ვიდრე ქართული საზოგადოების უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გარჩევით იყო დაკავებული, საერთაშორისო ასპარეზზე საინტერესოდ განვითარდა პროცესები.

ჯერ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წაუყენა რუსეთს ულტიმატუმი - თუ რუსეთი არ დაუბრუნდება საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას, ვაშინგტონი შეაჩერებს მასში მონაწილეობას.

პომპეოს ამ განცხადების შემდეგ ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა - „რუსეთს აქვს უკანასკნელი შანსი შეასრულოს შეთანხმება საშუალო და მცირე რაკეტების განადგურების შესახებ“.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოხარული იქნება თუ მოსკოვი 60 დღეში დაუბრუნდება გორბაჩოვსა და რეიგანს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას. იმისათვის, რომ ჩვენთვის უფრო გასაგები იყო რაზეა საუბარი, მე კითხვას ასე დავსვამდი - რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ვაშინგტონისთვის, სავარაუდოდ, მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ის, რომ მოსკოვმა შეასრულოს შეთანხმება საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების განადგურების შესახებ?

- შეთანხმება საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ, რომელიც 1987 წელს გაფორმდა, მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი ფუნდამენტური საბუთია.

პირველად ამ შეთანხმებიდან შესაძლო გამოსვლის შესახებ რუსეთმა განცხადება 2007 წელს გააკეთა.

რუსეთი ეწინააღმდეგება ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ კომპლექსების მეშვეობით შესაძლებელია ასევე პერშინგის ტიპის რაკეტების გამოყენებაც.

აშშ-ში და ევროპაში მიიჩნევენ, რომ საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების განადგურების შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გამოსვლა გამოიწვევს უსაფრთხოების ისედაც შერყეული სისტემის მეტად შესუსტებას და გამალებული შეიარაღების გააქტიურებას

რუსეთი ასევე საუბრობს, რომ საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტები გააჩნია მეზობელ სახელმწიფოებსაც. მინიშნებას ალბათ ჩინეთზე აკეთებენ.

რუსეთის მიზანია ასევე გლობალურ პოლიტიკაში მისი თანაბარ მონაწილედ აღიარება.

აშშ-ში და ევროპაში მიიჩნევენ, რომ საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების განადგურების შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გამოსვლა გამოიწვევს უსაფრთხოების ისედაც შერყეული სისტემის მეტად შესუსტებას და გამალებული შეიარაღების გააქტიურებას.

რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას, მასთან პარტნიორულ ურთიერთობებს, აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების ინტერესებს და მათ სუვერენიტეტს. ამიტომ მოუწოდებენ დატოვონ ყირიმი და დნესტრისპირეთი, გაიყვანონ ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გაიწვიონ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება.

- დამკვირვებლები შენიშნავენ, რომ ვაშინგტონი სულაც არ ხუმრობს და სერიოზულად ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვი მის წინადადებას არ მიიღებს. თქვენი აზრით, თუ ვაშინგტონმა და მოსკოვმა ორივემ თქვეს უარი ამ შეთანხმების შესრულებაზე, ასეთ ვითარებაში რა სიტუაციას ვიღებთ და სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი ევროპის, ან თუნდაც ჩვენს უსაფრთხოებაზე?

- არ მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოთხოვნებს შეასრულებს. შესაბამისად, აშშ-ს და ნატოს მხრიდან რუსეთის მიმართ მორიგ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ.

რა ნაბიჯები იქნება, რთული სათქმელია, პენტაგონსა და ბრიუსელში ჩემთან არ გადიან კონსულტაციებს - რა თქმა უნდა, ვხუმრობ. თუმცა, თემა სულაც არაა სახუმარო.

საპასუხო ნაბიჯები ორი მიმართულებით იქნება.

არ მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოთხოვნებს შეასრულებს. შესაბამისად, აშშ-ს და ნატოს მხრიდან რუსეთის მიმართ მორიგ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ

პირველია სამხედრო მიმართულება. აშშ გააგრძელებს როგორც ბირთვული, ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების მოდერნიზებას. იგივე პროცესები იქნება ნატოშიც. შესაძლოა არ ვიცოდეთ თუ რა მასშტაბებით გაიზრდება პენტაგონის ბიუჯეტი უახლოეს წლებში, თუმცა არ მგონია ამ “შეჯიბრს” ფეხი აუბას რუსეთმა.

მეორე მიმართულება იქნება ეკონომიკური სანქციების და პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ნატოს ამჟამინდელმა მინისტერიალმა ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკის აქტუალობას.

- ამ თემაზე დისკუსიის პარალელურად რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა - „ქვეყნები, რომლებიც თავის ტერიტორიაზე საშუალო და მცირე მოქმედების რაკეტებს განალაგებენ, რუსეთის საპასუხო მოქმედებების ობიექტებად აღმოჩდებიან“. გერასიმოვის ეს განცხადება რომ საქართველოსაც ეხება, ფაქტია.

არ ვიცით, საერთოდ განიხილება თუ არა საქართველოში ამერიკული საშუალო და ახლო მოქმედების სარაკეტო კომპლექსების დამონტაჟება, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს თუ რა ხმაური მოჰყვა თავის დროზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების წარმოებას.

რამდენად ეფექტურია ის ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლის მოწოდებაზე ირაკლი ალასანიას მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა და რამდენადაც ვიცით, უკვე ჩვენთან კარგა ხანია დამონტაჟებულია?

- არ მაქვს ინფორმაცია დამონტაჟებულია თუ არა. ამ კონტრაქტთან მიმართებაში საზოგადოებას გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. შეძენილი კომპლექსების საბრძოლო შესაძლებლობები საკმაოდ მოკრძალებულია, კონტრაქტი კი საკმაოდ ძვირადღირებული - ასე გაგცემდით პასუხს.

მთავრობა გამოჰყოფს თავდაცვის ამოცანებისთვის დიდძალ თანხებს... მთავრობის ფინანსური ძალისხმევა თავსებადობაში ვერ მოდის თავდაცვის უწყების ეფექტიანობასთან

მთავრობა გამოჰყოფს თავდაცვის ამოცანებისთვის დიდძალ თანხებს, შესაბამისად თავის მთავარ ფუნქციას ასრულებს. სამხედრო უწყებამ ეს რესურსები ეფექტიანად უნდა აითვისოს.

აი, აქ ვხედავ პრობლემას: მთავრობის ფინანსური ძალისხმევა თავსებადობაში ვერ მოდის თავდაცვის უწყების ეფექტიანობასთან.

უფრო დეტალური განხილვა გადაღლიდა მკითხველს.

- თქვენი შეფასებით, რამდენად არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ქართულმა მხარემ მოინდომოს თუნდაც ამერიკული საშუალო და მცირე რაკეტების განთავსება?

- ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტების განთავსების საკითხი არ განიხილება და ახლო პერსპექტივაში მის განხილვას არ ველოდები. ჩვენ უფრო უნდა ვიფიქროთ ნატოს ალტერნატივად აშშ-სთან სამხედრო დახმარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ასეთი შეთანხმებისთვის ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საკმაოდ კარგი ნიადაგი მომზადდა.

- მოსკოვი კარგა ხანია ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგია დასამყარებელი და ამგვარ ახალ წესრიგად, მას ყოფილი სსრკ-სა და რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე კრემლის დომინირება ესახება. კრემლის მესვეურებმა კარგად იციან ამ საკითხზე პირობითი დასავლეთისა და აშშ-ს პოზიცია. მიუხედავად ამისა, პუტინი და კრემლი განაგრძობენ მათ მიერ ამ თვალსაზრისით განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში ახალი წერიგისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. საქართველო კი აღრმავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობებს, ნატოში ბოლო შეხვედრებიც საკმაოდ საინტერესოდ დასრულდა, მაგრამ რადგან ასეა, ამ კუთხით საქართველოს პოზიციები რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება?

- ნატოს ბოლო მინისტერიალმა, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებმა დაგვანახა, რომ, საქართველო პოლიტიკური რუკიდან არ გამქრალა. ღია კარის პოლიტიკის ხაზგასმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაც ზემოთ აღვნიშნე და საქართველოს როლის აღნიშვნა საერთაშორისო მისიებში, ამ რეალობის ნათელი დადასტურებაა.

ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ კრემლი დასავლეთის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

რამდენადაც პესიმისტური არ უნდა იყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ეს ვექტორი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ღერძად დარჩება

მაგრამ ჩვენ რა ალტერნატივა გვაქვს? რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან, რომ ის თანაბარ პარტნიორად აღიარონ. ამ დროს იგივე რუსეთი ისევ ზემოდან ქვემოთ დასცქერის სამეზობლოს, წიხლით თელავს მათ ინტერესებს და სუვერენიტეტს.

კრემლში უნდა გაიგონ, რატომ ვილტვით დასავლეთისკენ. რას გვთავაზობენ საპირწონედ? როგორც ცნობილ საბჭოურ კომედიაშია, “თუ არ იყიდიან ლატარეის ბილეთებს, გამოვურთავთ გაზს”. ეს პირდაპირ ასახავს რუსეთის პოლიტიკას.

კრემლი ვერ ახერხებს და ვერ მოახერხებს, მიმზიდველი გახდეს სამეზობლოსთვის. პირიქით, სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. შესაბამისად, რამდენადაც პესიმისტური არ უნდა იყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ეს ვექტორი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ღერძად დარჩება.

- ნატო კარგა ხანია საუბრობს შავ ზღვაზე თავის გააქტიურებაზე. უკვე ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. ამ თემაზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებაც გამოითქმის. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რამდენად რეალისტურად გამოიყურება საუბრები იმის თაობაზე, რომ ნატო საქართველოს საზღვაო აკვატორიას საიმედოდ დაიცავს?

- ნატო ვერ დაიცავს საქართველოს საზღვაო აკვატორიას, თუ ქართულ არმიას არ ეყოლება თუნდაც ერთი სამხედრო მეზღვაური. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ომის შემდეგ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო ფლოტთან დაკავშირებით. დღევანდელ სამხედრო უწყებაში ეს განწყობა შენარჩუნებულია.

რაც შეეხება ვითარებას შავ ზღვაზე, ვადევნებ თვალყურს ქართულ მედიას. თვალში მხვდება ხმამაღალი განცხადებები აშშ-რუსეთის შეტაკებებზე შავ ზღვაში.

შავ ზღვაში ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის გამოიწვევს ისეთ ბირთვულ დაძაბულობას, რომ კარიბის კრიზისი გასეირნებად მოგვეჩვენება

შეტაკებებსა და ინციდენტებს შორის სხვაობა უნდა დავინახოთ. ინციდენტია, როცა რუსული გამანადგურებელი თავზე გადაუფრენს ამერიკულ სამხედრო ხომალდს. შეტაკებაა, როცა ორ ფლოტს შორის სამხედრო ოპერაცია ტარდება. პირველი გახშირდება, მეორეს გამოვრიცხავ. შავ ზღვაში ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის გამოიწვევს ისეთ ბირთვულ დაძაბულობას, რომ კარიბის კრიზისი გასეირნებად მოგვეჩვენება.

- ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამგვარი განცხადებები მას მანამდეც გაუკეთებია, მაგრამ ამჯერად ასევე იყო მოწოდება იმაზე, რომ „რუსეთმა საქართველოს ამ რეგიონებიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო კონტინგენტები“.

თქვენი აზრით, სტოლტენბერგის ეს განცხადება რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს შავ ზღვაში ნატოს გააქტიურებას და ნატოს მიერ საქართველოს აკვატორიის დაცვის პერსპექტივას?

- სტოლტენბერგის ეს განცხადება პირველ რიგში უკავშირდება საქართველოს მხარდაჭერის კურსის გაგრძელებას და აქ უნდა აღვნიშნოთ ხელისუფლების, მისი საგარეო უწყების ძალისხმევაც.

ადრე ხშირად ვამბობდი, რომ საგარეო ფრონტზე შეთანხმებულად უნდა ებრძოლათ როგორც ხელისუფლებას, ასევე მათ ოპონენტებს. თუმცა, დღევანდელმა რეალობამ დამანახა, რომ ეს ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება. ბალტიისპირეთის წარმატება, რომელიც მოგვწონს, სწორედ ასეთი ძალისხმევის შედეგია.

ამავე დროს, სტოლტენბერგი და ზოგადად მინისტერიალი ხაზს უსვამს, რომ რჩებიან საერთაშორისო აღიარებული ნორმების და საზღვრების დაცვის პოზიციაზე.

შავ ზღვაში ნატოს გააქტიურება უკავშირდება ყირიმის ანექსიას და შავ ზღვაში სამხედრო თანაფარდობის შეცვლას რუსეთის დომინირების საპასუხოდ. ანუ, ჯერ იყო ყირიმის ანექსია, შემდეგ ნატოს გააქტიურება შავ ზღვაში

აქ კიდევ ერთხელ შევახსენებ მკითხველს, რომ რუსეთის მცდელობა რეფერენდუმებით გაიმყაროს ე.წ. დამოუკიდებლობები ან კოსოვოს პრეცედენტზე გააკეთონ აპელირება, უსუსურია. ოკუპაციის ქვეშ ან ეთნიკური წმენდის და დემოგრაფიული სურათის შეცვლის შემდეგ რეფერენდუმი არალეგიტიმურია. დღევანდელ 200-ათასიან აფხაზეთში, სადაც 45 ათასი ქართველი ცხოვრობს, 300 ათასი ლტოლვილის დაბრუნების შემთხვევაში სულ სხვა სურათს ვიხილავთ. ამ სურათის შესაცვლელად მოხდა ომი და ეთნიკური წმენდა.

რაც შეეხება კოსოვოს, ისტორიულად ვერანაირად მოერგება საქართველოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დახატული იუგოსლავია და მისი დაშლა, საქართველოსთან კავშირში არაა.

სტოლტენბერგს რომ დავუბრუნდეთ, შავ ზღვაში ნატოს გააქტიურება უკავშირდება ყირიმის ანექსიას და შავ ზღვაში სამხედრო თანაფარდობის შეცვლას რუსეთის დომინირების მხრივ. ანუ, ჯერ იყო ყირიმის ანექსია, შემდეგ ნატოს გააქტიურება შავ ზღვაში.

- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ჩვენში ჩამოყალიბებულ რეალობაზე დისკუსია არ ცხრება. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგა?

- ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ყველაზე დაძაბული და ბინძური საარჩევნო კამპანია იყო, რამაც საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გამხლეჩი ფუნქცია შეასრულა.

დარღვევების მიუხედავად, ეგზიტპოლებმა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და უამრავმა სახელმწიფომ ლეგიტიმურად ჩათვალა არჩევნები. ჩვენთან კი რჩება გარემოება, როცა წაგებული არ აღიარებს წაგებას. არ მგონია, ეს საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის სასარგებლო იყოს. ეს ასევე მაფიქრებინებს, რომ ქვეყნის გარეთ ისევ გააგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას ხელისუფლება და ოპონენტები.

საკმაოდ საგანგაშო არის საპროტესტო აქციების პარალელურად მაიდნების სპეციალისტის და უკრაინაში ალბათ ყველაზე სკანდალური პირის, სემიონ სემენჩენკოს გამოჩენა. ამ ფაქტს მედია სათანადო ყურადღებას არ უთმობს.

საპრეზიდენტო არჩევნებმა ხალხში ახალი პოლიტიკური ძალის, ან ახალი სახეების მოთხოვნა გააჩინა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური არენა ისევ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს დარჩება. არის ეს საზოგადოების განწყობების გამოხატულება? ვფიქრობ, არა

ამჟამად საუბარია ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და მანამდე საარჩევნო გარემოს და სისტემის შესაცვლელად.

რომც წავიდეს ამ ცვლილებებზე ხელისუფლება, იმდენი დრო დასჭირდება ამ ცვლილებებს, რომ არჩევნების დროც დადგება - 2019 წინასაარჩევნო წელია.

ამავე დროს, რამდენადაც ვფლობ ვითარებას, არც ამ, არც შემდეგ პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლა არ შეუძლია.

ასევე მნიშვნელოვანია ის ნიუანსიც თუ ვის აწყობს ვადამდელი არჩევნები.

საპრეზიდენტო არჩევნებმა ხალხში ახალი პოლიტიკური ძალის ან ახალი სახეების მოთხოვნა გააჩინა. ვადამდელი არჩევნები კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური არენა ისევ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს დარჩება. არის ეს საზოგადოების განწყობების გამოხატულება? ვფიქრობ, არა.

- თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მის უწყებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისსავე საქმიანობას სპეციალური შემაჯამებელი პრეზენტაცია მიუძღვნა. თქვენ როგორ შეაფასებდით ბოლო ერთი წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს და ამ უწყების საქმიანობას?

ბოლო 1-1,5 წლის მანძილზე თავდაცვის უწყება იმდენად დაიხურა საექსპერტო საზოგადოებისთვის, რომ მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება რთულია

- ბოლო 1-1,5 წლის მანძილზე თავდაცვის უწყება იმდენად დაიხურა საექსპერტო საზოგადოებისთვის, რომ მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება რთულია. კომენტარს წინ უნდა უძღოდეს თავდაცვის უწყების მჭიდრო თანამშრომლობა საექსპერტო საზოგადოებასთან და რეფორმებში იმ სიღრმით ჩახედვა, რამდენადაც ეს დასაშვებია საზოგადოებისთვის. მხოლოდ ანალიზის შემდეგ შეიძლება კომენტარი. ანალიზი ინფორმაციის გარეშე მარჩიელობაა. მარჩიელობა კი არ მეხერხება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა