სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის (CDC) გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა კარიერული განვითარების ცენტრის მთავარ მიზნებსა და აქტივობებს. ასევე, აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითებს, რომლის დანერგვასაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში გეგმავს. ღონისძიებაზე აგრეთვე გაიმართა სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სასწავლო სტიპენდიები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელჩი როს უილსონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ბიზნესსექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ეს კარიერული ცენტრი გახლავთ ახალი ინიციატივა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები დასაქმდნენ და დარჩნენ საქართველოში, რადგანაც ეს არის საუკეთესო ადამიანური კაპიტალი, რაც მომზადდა საინჟინრო და საბუნებისეტყველო დარგებში“, - განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში პირველი კურსდამთავრებულები მომავალ წელს ეყოლება.

„აშშ-ში დიდი ყურადღება ექცევა უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას. ჩვენ წარმატებული ამერიკული მაგალითის დანერგვა გვსურს საქართველოში. უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ კერძო და საჯარო სექტორთან საქართველოში. ამის მაგალითია ერთობლივი სტუდენტების სტაჟირების პროგრამები, კერძო და საჯარო პარტნიორობის ფონდი, რომლის მეშვეობითაც მრავალი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის დაფინანსება გახდა შესაძლებელი,“ - განაცხადა უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში ჰალილ გუვენმა.

კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზანია მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის. ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტებს დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში. შეთავაზებული იქნება კარიერული კონსულტაციები, ტრენინგები, შეხვედრები დამსაქმებლებთან, დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენები, თემატური სემინარები და სხვა. ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და ინოვაციური პროექტების კუთხით.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ფონდი „ქართუს“, „საქართველოს ბანკის“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP), აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG), სილქნეტის, GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლებმა. მათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტები სტიპენდიებით დააჯილდოვეს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ