IDFI - პროექტის ავტორებს მოვუწოდებთ, გაიწვიოს ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს ლახავს

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს ლახავს. ამის შესახებ აღნიშნულია IDFI–ს განცხადებაში.

განცხადებაში IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილების პროექტს. კანონპროექტის ავტორებს კი მოუწოდებს, გაიწვიონ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი.

„2018 წლის 6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა დაარეგისტრირეს ცვლილების პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრის გაფართოება და მასში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოქცევა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი ხდება შეიცვალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელეების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკარგავენ საჯარო მოხელის სტატუსს და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა განთავისუფლდნენ სამსახურიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვისას.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ისედაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მოსამსახურეების დანიშვნის შესაძლებლობას, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს შორის არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით უვადოდ არიან დანიშნული თანამდებობაზე. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა ცვლის ამ მოხელეების სტატუსს და უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

IDFI უარყოფითად აფასებს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს და მიიჩნევს, რომ ის საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას. საჯარო სამსახურის რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო და მიზნად ისახავდა კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული კვალიფიციური, პოლიტიკურად ნეიტრალური, მერიტოკრატიული და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიზანი სწორედ საჯარო სამსახურის მდგრადობის უზრუნველყოფა და მოხელეთა დაცვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იყო, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის, როგორც ერთიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და დაიცვას საჯარო მოხელეები პოლიტიკური რყევებისგან.

საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების (მე-4 მუხლი) და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგები არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასების საფუძველი. 2018 წლის ნოემბერში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ძალაში შესვლას დადებითად გამოეხმაურა ევროპარლამენტი, რომლის რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის მოლოდინია მოხდეს კანონის სრული იმპლემენტაცია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის მდგრად განვითარებას. შემოთავაზებული ცვლილებები საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს მიერ ამ სფეროში მიღწეულ საერთაშორისო აღიარებას და ჩრდილს აყენებს საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთებას.

კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რატომ მოხდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ასევე ეწინააღმდეგება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის და საკადრო უზრუნველყოფის შესახებ განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინსტრაციის მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო კანონპროექტის ავტორებს მოუწოდებს გაიწვიონ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რადგან ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა