თიბისის ახალი სათავო ოფისის - „თბილისის ბიზნესცენტრის“ მშენებლობა იწყება

„თბილისის ბიზნესცენტრის“ მშენებლობას დღეს, ბანკის 26-ე იუბილეზე, საფუძველი თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ და ბანკის წარმომადგენელებმა ჩაუყარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილზე გაიმართა, სადაც ახალი სათავო ოფისი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაშენდება. პროექტი, რომლის მშენებლობაც თიბისიმ გასულ წელს ბანკის 25-ე იუბილეზე დააანონსა, მთლიად ეფუძნება თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

13 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი, მთლიანად ენერგოეფექტურია და მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80%-ი კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.

თიბისის ახალი სათავო ოფისი ითვალისწინებს ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები და ჯანსაღი ეკოსისტემა შეიქმნება.

„თბილისის ბიზნესცენტრის“ ერთ საჯარო სივრცეში გაერთიანდება სამი ძირითადი პროექტი: თიბისის სათავო ოფისი; ინოვაციების ლაბორატორია - ახალი ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისთვის; კულტურული ჰაბი: გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა;

„თიბისის“ ცნობით, ახალი სათავო ოფისი საბანკო სექტორში აქამდე არსებულ დახურული სივრცის კონცეფციას ურთიერთობებზე ორიენტირებული ღია და მოქნილი სივრცით ჩაანაცვლებს. ოფისში თანამშრომლები მეტი ინტერაქციით და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას შეძლებენ.

„თბილისის ბიზნესცენტრის“ ადგილმდებარეობა მისი დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლისის ტბის ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე ახალი საოფისე კომპლექსი მწვანე გარემოს ნაწილი გახდება, სადაც დედაქალაქის ურბანულ ელემენტებს ვენახებით გამდიდრებული ბუნებრივი ლანდშაფტი ენაცვლება.

მათივე ინფორმაციით, თიბისის ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოა შექმნილი. თიბისის თანამშრომლები კომფორტულ გარემოში მუშაობას და დასვენებას, კოლეგებსა და სტუმრებს შორის ინტერაქციას შეძლებენ. შენობაში განთავსდება რესტორნები, ფიტნეს კლუბები, სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის და ა.შ.

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კომპანიას - UN Studio-ს წარმოადგენს. UN Studio-მ პროექტის განხორციელების დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა თიბისის, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები.

„თიბისის ახალი სათავო ოფისი სავიზიტო ბარათი გახდება თიბისი ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსი საქართველოში პირველად შენდება“, - აცხადებენ თიბისი ბანკში“.

„თბილისის ბიზნესცენტრის“ პროექტის განხორციელება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.