მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვართ მოწადინებული, რომ გადასახადების დონე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო მცირდებოდეს

ჩვენ ვართ მოწადინებული, რომ გადასახადების დონე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო მცირდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც დაბალი საგადასახადო წნეხი გვაქვს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას და იმას, რომ ეკონომიკაში იზრდებოდეს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი.

„სხვანაირად ჩვენ სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ. გადასახადების დაწევა არის ჩვენთვის ის მექანიზმი, რითაც შეგვიძლია წავახალისოთ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ არა საკმარისი. ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენს რეიტინგს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. საქართველოში არის დაბალი გადასახადები და ბუნებრივია, ამ გზით მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად უნდა მოვხსნათ სხვა ბარიერები, რომელიც ხელს უშლის საქართველოში ბიზნესის ჩვენთვის სასურველი ტემპებით განვითარებას და ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებას. პირველ რიგში მინდა გამოვყო ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბარიერები კაპიტალზე წვდომასთან და ზოგადად დაფინანსების წყაროებზე წვდომასთან. დაფინანსების ინსტრუმენტების პალიტრა საკმაოდ მცირეა და ჩვენ ის აუცილებლად უნდა გავზარდოთ. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივაა სასტარტო კაპიტალის რეფორმა, რომ გავაჩინოთ სასტარტო კაპიტალი უფრო აქტიურად ქვეყანაში, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა სიცოცხლისუნარიანი პროექტის რეალიზაცია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სიცოცხლისუნარიანი და კონკურენტუნარიანი პროექტები საქართველოში ვერ ხორციელდებოდეს იმის გამო, რომ წვდომა სასტარტო კაპიტალზე არის შეზღუდული. რაც შეეხება გადასახადების ნაწილს, აქაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ სამართლიანობის პრინციპი. იცით, რომ საგადასახადო წნეხი, რაც ჰქონდათ მცირე მეწარმეებს და მსხვილ კომპანიებს, იყო განსხვავებული. საგადასახადო წნეხი მცირე მეწარმეებზე იყო უფრო მეტი და ეს დააკორექტირა ეგრეთ წოდებულმა ერთპროცენტიანმა გადასახადმა. შესაბამისად, გადასახადების ნაწილშიც უნდა გვესმოდეს, რომ გადასახადების შემცირებაც, როგორც ყველა ეკონომიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს სიღარიბის დაძლევას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?