პირველ რიგში ჩვენ ვაპირებთ, რომ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან, - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის აქტიური კომუნიკაციის დამყარებას აპირებს საკანონმდებლო ორგანოსგან.
„მე დღეს დავუკავშირდები ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილ საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს. ბუნებრივია, მე უნდა გადმოვიბარო საქმეები და შესაბამისად, გავეცნო ამ სტრუქტურას. მაგრამ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ძირითადად ჩემი სამუშაო ადგილი იქნება პარლამენტში, დავამყარებ აქტიურ კომუნიკაციას პარლამენტთან“, - განაცხადა გაბუნიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვინაიდან პრეზიდენტს კონსტიტუციით არ აქვს საპარლამენტო ინიციატივების უფლება, რა იქნება მისი, როგორც საპარლამენტო მდივნის მოვალეობა, გაბუნია განმარტავს, რომ საპარლამენტო მდივანს საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს და პრეზიდენტსა და მის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში „სიტყვა ეთქმის".
„ჩვენ ვაპირებთ ძალიან ეფექტურად, კონსტრუქციულად, ერთ გუნდად ვიმუშაოთ არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც საპარლამენტო მდივანს გააჩნია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“, -განაცხადა გაბუნიამ.