ია მეტრეველი - დღეიდან სამართლიანობის აღდგენა იწყება

ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია. ამის შესახებ ია მეტრეველმა საქალაქო სასამართლოში მისი შვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

ია მეტრეველის თქმით, აღნიშნულ საქმეზე სამართლიანობა აღდგა, რაც მან საზოგადოებას მიულოცა. მისი თქმით, დღეიდან, ქვეყანაში „დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა იწყება“.

„ნამდვილად ველოდი, სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. მოსამართლემ დაკავებულებს უმაღლესი სასჯელები მიუსაჯა, უბრალოდ შთანთქმა მოხდა ამნისტიის მუხლების და თითოეულს, როგორც გავიგე, 5 წელი და რამდენიმე თვე გამოუვიდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი იყო. აქ ვინც მოაწყეს, კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა: ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს. ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, თავის ფეხით წასულიყვნენ ციხეში და მოენანიებინათ და ცოდვა მოეხსნათ, არ ვიცი, რა დღეში არიან.

პროკურორი დააზიანეს, რაღაც ესროლეს საფეთქელთან და აცდა, სისხლი მოსდის და დარბაზიდან გაიყვანეს. ეს ამ ავაზაკების კიდევ ერთი დასტურია, რომლებმაც ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე უკანონოდ წაართვეს, შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს და სამართლისთვის 15 წელია, ვიბრძვი. მე მინდა, საზოგადოებას ეს დღე მივულოცო, რადგან დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება და დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, როგორც გახმაურებულ, ისე გაუხმაურებელ საქმეებზე, სამართლიანობის აღდგენა და გამოძიება დაიწყება“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს