ქეთევან ციხელაშვილი - დღეს ყველა მიხვდა, რომ 10 წლის წინ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა, ეს იყო ევროპაზე თავდასხმა

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე შედგა დისკუსია თემაზე „უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კონფერენციაზე მომხსენებლებად წარდგნენ ქეთევან ციხელაშვილი და კონფერენციის საპატიო სტუმრები - რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პანელის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტუმრებს მოკლე მიმოხილვის სახით გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსული მხარის მიერ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. მინისტრმა სტუმრებს ასევე წარუდგინა საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა დეტალურად მიმოიხილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო წლებში რუსეთის გაძლიერებული შეიარაღება, ხელოვნური ბარიერების ინსტალაციის პროცესი, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა გატაცების ფაქტები და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა თავად ოკუპირებულ რეგიონებში.

მისი განცხადებით ყურადსაღებია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ მოქალაქეთა 90%-ს წარმოადგენენ ისინი, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული მხარის მიერ სამშვიდობო პოლიტიკისკენ მიმართულ ნაბიჯებს რეალური შედეგები მოაქვს და რომ არა რუსეთის საოკუპაციო ძალები, ხალხთა შორის კავშირები ადვილად აღსდგება.

„აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები ნათლად მიუთითებს, რომ ათი წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა. ეს იყო ევროპაზე თავდასხმა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვას შორის გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი სამოქმედო გეგმების შედგენას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ რეაგირებას.

რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა კრისტინა ლესნიკმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება რუსულ პროპაგანდაზე და ე.წ. რბილ ძალაზე გაამახვილა. მისი განმარტებით დნესტრისპირეთში ამჟამად რუსეთის მარიონეტული რეჟიმი მოქმედებს, რომელთან მოლაპარაკებებშიც ინსტრუქციები პირდაპირ მოსკოვიდან ვრცელდება. ლესნიკმა ხაზი გაუსვა მოლდოვის კონფლიქტურ რეგიონში პასპორტიზაციის პრობლემას.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრმა, ვადიმ ჩერნიშმა ისაუბრა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში არსებულ ვითარებაზე.

„ამ ეტაპზე ჩვენ კონფლიქტების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენ გავდივართ ეტაპებს, რომლებიც თქვენ უკვე გაიარეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებათა ხელწერა ერთნაირია და ეს ბუნებრივია, რადგან მოვლენები რუსეთიდან იმართება“, - განაცხადა ვადიმ ჩერნიშმა.

მოხსენებების შემდეგ კონფერენციის მონაწილეები კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდნენ, რა დროსაც გაიცვალა გამოცდილება და ინფორმაცია.​​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა