ქართული პრესის მიმოხილვა 20.12.2018

პირველი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და "ოცნების" ნაწილს შორის

"ოპოზიციას ვურჩევ, ზურაბიშვილს მოეშვან და “ოცნებაზე” გადაერთონ" - არჩილ გამზარდია

რატომ აიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთაველზე თავისი კარვები

* * *

პირველი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და "ოცნების" ნაწილს შორის

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უკვე პირველი აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა - ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი დადებითად არ აფასებს. შეგახსენებთ, გაბუნიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მისი წარსულის საადვოკატო საქმიანობის ერთი ეპიზოდის გამო, არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს. საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ზვიად დევდარიანს, რომლის ინტერესებსაც სწორედ დიმიტრი გაბუნია იცავდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პირველი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და "ოცნების" ნაწილს შორის.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილიც სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით სთხოვს გაბუნიას განმარტებას. მაგალითად, “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ დიმიტრი გაბუნიამ, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, უფრო ნათელი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. “პატივს ვცემ ადვოკატის პროფესიას, მის ფუნქციასა და როლს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კეთილსინდისიერ საქმიანობას, მაგრამ ბატონ დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებით ვისურვებდი, ნათლად და მკვეთრად დააფიქსიროს თავისი პოზიცია სექსუალურ შევიწროებაზე და ყველა სახის შევიწროება დაგმოს”, - აღნიშნავს ნინო წილოსანი. მისი თანაპარტიელი დიმიტრი ცქიტიშვილი კი საპარლამენტო უმრავლესობის პირველი წარმომადგენელი იყო, ვინც ამ დანიშვნასთან დაკავშირებით თავისი კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. იგი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებით “დიდად აღფრთოვანებული არ არის” და დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად თავად არ დანიშნავდა. ამის შესახებ ცქიტიშვილმა 19 დეკემბერს მთავრობის მიერ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ცქიტიშვილის განცხადებას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ ცქიტიშვილის აზრი მთლიანად “ქართული ოცნების” შეხედულებას არ წარმოადგენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცქიტიშვილი ცდილობს, რომ ერთ მხარესაც გაუგოროს კოჭი და მეორესაც. ეს მისი პოზიციაა, მაგრამ ცქიტიშვილის აზრი ხომ არ არის მთელი უმრავლესობის აზრი? იგი არის ერთ-ერთი რიგითი წევრი”, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კომპეტენციაა”. უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის უფლებას წარმოადგენს და უმრავლესობის წევრები ვალდებულნი არიან, მას დაეთანხმონ. “ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ჩვენ მას უნდა დავეთანხმოთ. ზურაბიშვილს თუკი ასეთი აზრი გააჩნია, ის არის დამოუკიდებელი, არჩეული პრეზიდენტი და ახლა რევიზიებს არ საჭიროებს”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. უმრავლესობის დეპუტატ შოთა ხაბარელისათვის დიმიტრი გაბუნიას კანიდიდატურა სრულიად მისაღებია”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწევს, გაითვალისწინოს როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეხედულება, ასევე მმართველი პარტიისაც, რადგან ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში “ქართულმა ოცნებამ” გარკვეული წვლილი შეიტანა. კაკაჩია მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დიმიტრი გაბუნიას კანიდიდატურასთან დაკავშირებით რამდენად უღირს მმართველ პარტიასთან დაპირისპირება. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე კი აცხადებს, რომ განსხვავებული მოსაზრებები უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე წინააღმდეგობა ან ერთგვარი შეჯახება მოხდება ამ ორ მხარეს შორის - ვალერიან გორგილაძე გამორიცხავს უახლოეს მომავალში მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის რაიმე დაპირისპირებას”, - დასძენს გამოცემა.

“გაბუნიას კანდიდატურის მიმართ არა მარტო უმრავლესობის მხრიდან გაისმა ასეთი მოსაზრებები, არამედ საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. არ არის გასაკვირი, რომ ვინმემ უმრავლესობიდან მისაღებად ჩათვალა, ეს შთაბეჭდილება გაეზიარებინა, მაგრამ ამას არ მგონია, დიდი ამბები მოჰყვეს. ფაქტია, რომ ზურაბიშვილს მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წარდგენილია, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, გარკვეულწილად, “ქართული ოცნების” აზრი გაითვალისწინოს, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის. ზურაბიშვილმა იცის, რომ მათი როლი მის არჩევაში საკმაოდ დიდია. თუ არგუმენტები არის სერიოზული, თვითონ გადაწყვეტს, უღირს თუ არა ასეთი კანდიდატურის დაჟინებით დანიშვნა და ალბათ, იმის შემდეგ გადაწყვეტს, რაც მოისმენს უმრავლესობის მხრიდან არგუმენტებს. გადაწყვეტს, უღირს თუ არა ამის გამო უმრავლესობასთან დაპირისპირება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ბუნებრივია. ჩვენ მოწმენი გავხდებით იმისა, რომ “ოცნება”, როგორც ფრაქცია და მისი ცალკეული ნიშნის წევრები გამოხატავენ განსხვავებულ აზრს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით და მათ შორის - საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კონფრონტაცია არსებობს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის. უბრალოდ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ოცნების" ფრაქციაში არის უამრავი დაჯგუფება, რომელთაც განსხვავებული ინტერესი აქვთ და რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით საპარლამენტო არჩევნებს, მით უფრო გამოიკვეთება ამ ცალკეული შიდა ფრაქციების ინტერესები. უახლოეს მომავალში ამას გამოვრციხავ, 3-6 თვეში გამოვრიცხავ ინტერესების რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას, მაგრამ საერთო ურთიერთობას პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის განსაზღვრავს საერთო პოლიტიკური კონტექსტი”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გორგილაძე.

"ოპოზიციას ვურჩევ, ზურაბიშვილს მოეშვან და “ოცნებაზე” გადაერთონ" - არჩილ გამზარდია

“ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ორივე მხარემ - ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც გარკვეული შეცდომები დაუშვეს. გამზარდიას აზრით, პოლიციას არ ჰქონდა უფლება, რომ აქციის მონაწილეებისათვის ველისციხეში გზა გადაეკეტა და თელავში ჩასვლის უფლება არ მიეცა. მისი თქმით, თუ მმართველ გუნდს სურდა, რომ ოპოზიციას პრეზიდენტის ფიცის დადების დღე ასე არ გადაეფარა, მაშინ ისინი თელავში უნდა შეეშვა და ამხელა ყურადღება არ უნდა მიექცია. გამზარდია ასევე ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა მათი მთავარი მიზანი არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ „ოცნება“ უნდა გახდეს. მათ ახლა მაქსიმალური ყურადღება იმას უნდა მიაქციონ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს რამდენად ასრულებს და ქვეყანაში სიტუაცია როგორ წარიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამზარდია ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი ისევ “ნაციონალებს” გამოიყენებს, რათა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გამზარდია: ოპოზიციას ვურჩევ, ზურაბიშვილს მოეშვან და “ოცნებაზე” გადაერთონ.

“როგორც იურისტი ოპოზიციისთვის გზის ჩაკეტვის ვერ შევაფასებ, თუმცა გეტყვით იმას, რაც ვნახე და დავინახე. ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე კარგად არ წარმოჩინდა, თუმცა ოპოზიციას ჰქონდა უფლება ინაუგურაციის დღეს თელავში პროტესტი გამოეხატა. არ ჰქონდა ხელისუფლებას იმის უფლება, რომ მათი ასე ბლოკირება მოეხდინა - რას ნიშნავს “პროვოკაციების მოწყობას აპირებდნენ”, - მასე ბევრი რამის თქმა და მოგონება შეგვიძლია. მიეცათ საშუალება იქ გაპროტესტების და მერე გვენახა. თუ რამე უკანონობას დააპირებდნენ, მისი აღკვეთა მოეხდინათ. ამაში ვინ შეედავებოდათ. რაც უნდათ, ის ეძახათ, ეს მათი უფლებაა და ხელისუფლება ვინაა, რომ ეს ადამიანებს აუკრძალოს? რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, რა თქმა უნდა, კარგად არც ისინი წარმოჩინდნენ და პოლიციელის შეურაცხყოფა არ არის სწორი საქციელი. თუმცა შეცდომები ორივე მხრიდან იყო. ამიტომაც სამართლიანობა მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“არ მგონია, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე მთავრი პრობლემა საკადრო ცვლილებები იყოს, რადგანაც ვხედავთ, რომ ასეთი ცვლილებები ქვეყანას არაფერში ადგება. რა მნიშვნელობა აქვს - ერთი მიდის და მეორე მოდის. მაინც პასუხისმგებლობა მთლიანად ერთ ადამიანზეა. მე მგონია, რომ ივანიშვილმა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აიღო და ამ ყველაფერთან გამკლავებას როგორ აპირებს, მე არ ვიცი. ამ ერთ წელში რა უნდა გააკეთოს, ძალიან რთული სათქმელია. ახლა პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც მას აკისრია, თუმცა, ამ შემთხვევაში მაინც მგონია, რომ საქმე უფრო მარტივად იქნება. მთავარია ზურაბიშვილმა ერთი ვერტიკალი დაიკავოს და რამე სხვა მხარეს არ გადაუხვიოს. დანარჩენს სხვას ვერაფერს შეცვლის. უბრალოდ მას ამ პოსტზე უფრო ავტორიტეტული ადამიანი უნდა წარმოედგინა, რომლის სიტყვასაც უფრო მეტი ფასი და ნდობა ექნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მგონია, რომ ოპოზიციამ ახლა თავისი სტრატეგია უნდა შეცვალოს და სალომე ზურაბიშვილს შეეშვან. მიიღონ მისი გაპრეზიდენტება, როგორც შემდგარი ფაქტი და “ოცნებას” მიხედონ. როგორც ვიცით, დაგვპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ, ბევრი ცვლილება იქნებოდა და ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა. ვურჩევ ოპოზიციას, რომ ყურადღება ახლა იქით გადაიტანოს და გაყვეს ვინ რას გააკეთებს. შეგვისრულებენ დაპირებებს? შეიცვლება უკეთესობისკენ ყველაფერი? დაპირების მიუხედავად ვხედავთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად უარესდება. ყველაფერზე ფასები იზრდება, კომპანიებმა დასაქმებულების შემცირებები დაიწყეს. ასევე თვეობით ხელფასებს ვერ არიგებენ. სიტუაცია უფრო ცუდისკენ მიდის. თუ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების გადაგორებას ისევ “ნაციონალების” ხარჯზე შეეცდება ეს უკვე კატასტროფა იქნება. ხალხი ამას თუ კიდევ დაუშვებს, მაშინ ჩვენი საშველი აღარ იქნება. ამიტომ ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ პრიორიტეტი ახლა ხელისუფლება უნდა გახდეს მათთვის და არა ზურაბიშვილი”, - დაასკვნის გამზარდია.

რატომ აიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთაველზე თავისი კარვები

“ნაცმოძრაობამ” თბილისში პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მოულოდნელად თავადვე აიღო. თუმცა, ოპოზიციას მანამდე რუსთაველის გამზირზე პერმანენტული აქციები ჰქონდა დაანონსებული. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს “ნაცმოძრაობის” გეგმების ცვლილება? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ “90-იანი წლების სტილით პოლიტიკის კეთება” უკვე მიუღებელია და ოპოზიციაც ალბათ ხვდება, რომ ასეთ შემთხვევაში მხარდამჭერებს დაკარგავს. “ნაცმოძრაობამ” მასშტაბური აქციების ჩატარება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ დააანონსა. ისინი ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარს აპროტესტებენ, სადაც მათ გზა ჩაკეტილი დახვდათ და თელავში ჩასვლა და დაანონსებული აქციის გამართვა ვერ მოახერხეს. სწორედ ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს, აქციის ფარგლებში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისში, რუსთაველის გამზირდე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე კარავი გაშალა, თუმცა მათ 18 დეკემბერს, კარვები აშალეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “90-იანების სტილით პოლიტიკის კეთება უკვე აღარ შეიძლება” - რამაზ საყვარელიძე “ნაცმოძრაობის” მიერ კარვების აღებაზე.

“ვისურვებდი “ნაციონალურ მოძრაობას” დაენახა, რომ ამ სტილით, შეიძლება ითქვას 90-იანების სტილით, პოლიტიკის კეთება უკვე აღარ შეიძლება. სხვა თუ არაფერი, მოსახლეობისთვის არის მიუღებელი, რაც ეტყობა კიდეც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერთა რიგების შეთხელებას და თუკი ამ პოზიციას ნელ-ნელა მაინც მიუახლოვდებიან, მაშინ კარვებიც უნდა აიღონ და აყალმაყალიც უნდა შეწყვიტონ. საბჭოთა პერიოდი რომ მთავრდებოდა და საბჭოთა სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფო არ იყო, პროტესტის ნიშნად და დესტრუქციისთვის ყველა საშუალებაზე მიდიოდნენ ადამიანები, მათ შორის, ქუჩებში საპროტესტო აქციებზე, დესტაბილიზაციის მოწყობაზე და ა. შ. მაგრამ ახლა ასეთი ნაბიჯებით “ნაცმოძრაობა” საკუთარ სახელმწიფოს ავნებს და სახელმწიფოს რყევა დღეს არავის არ მოსწონს და არავის ეპიტნავება. მემგონი კარგი იქნება, თუ ნელ-ნელა სხვა ტიპის ოპონეირებაზე და დაპირისპირებაზე გადავლენ, როგორც თანამედროვე პოლიტიკურ ურთიერთობებს შეესაბამება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “აქვს თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას” გაზაფხულიდან აქციების ჩატარების პოტენციალი?” - პასუხობს:

“გაზაფხულიდან შეიძლება რესურსი მიემატოს “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ აქამდე ჩატარებული მათი აქციები ხალხის დიდი რაოდენობით არ გამოირჩეოდა. მე მგონი, “ნაციონალურ მოძრაობას” ხალხი აკლდება".

“გაერთიანებულმა ოპოზიციამ კარვები აიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია აპირებს ბრძოლა შეწყვიტოს. პირიქით, მათ გააჩნიათ საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გააპროტესტონ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შედეგები, ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენები. “მოსალოდნელია გარკვეული დემონსტრაციებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ორგანიზება, მათ შორის რუსთაველზეც”, - ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აღმართული კარვები, მათივე ინიციატივით იქნა დაშლილი, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, საპროტესტო აქციები აუცილებლად გაგრძელდება. რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს ფაქტი? ჩიტაძის აზრით, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, ხოლო თავისი კარვები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად დაშალეს. მისი თქმით, ორი სხვადასხვა მიზნით გაშლილი კარავი ერთად შეუსაბამო იქნებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი სტატიაში სათაურით ოპოზიციამ თავისი კარვები სარალიძისა და მაჩალიკაშვილისადმი სოლიდარობის გამო დაშალა - ჩიტაძე.

“გაერთიანებული ოპოზიცია უფრო ორიენტირებული იქნება გარკვეული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტით, მაგალითად, შედგეს შეხვედრა დიპლომატიური წევრების წარმომადგენლებთან, უცხოელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულონ, თანხმობა განაცხადოს საარჩევნო სისტემა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში შეიცვალოს და პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს. კარვები მართალია აიღეს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლა გაგრძელდება. კარვების აღება შესაძლოა უკავშირდებოდეს პატივისცემას მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მიმართ. მათ აქვთ საკუთარი მოთხოვნები, რომ გამოძიება წარიმართოს სუბიექტურად. გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიძლება ჩათვალა, რომ სხვადასხვა კარვები სხვადასხვა მოთხოვნით არ უნდა არსებობდეს. უპირატესობა მიანიჭეს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩლიკაშვილს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა